„ფრონტერას“ არბიტრაჟში დავა მოვუგეთ - „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“

პუბლიკა

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ განცხადებით, მათ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ს“ არბიტრაჟში დავა მოუგეს.

საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა 17 აპრილს 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარე წარმოქმნილ დავაში საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა.

არბიტრაჟმა მხარი დაუჭირა კორპორაციისა და სახელმწიფოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

„სხვა საკითხებთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა“, – ნათქვამია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ განცხადებაში.

როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ წერს, გადაწყვეტილების მიხედვით, „ფრონტერას“ დაევალა „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხისა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

„საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამჟამად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებსა და კონტრაქტით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელების საკითხებს განიხილავენ“, – ნათქვამია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ განცხადებაში.

კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს სახელმწიფო კომპანიისა და სააგენტოსგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა. საარბიტრაჟო სასამართლოს კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ მიმართეს.