ფსიქიატრი: ბეკის სკალით აღმოჩნდა, რომ მას მძიმე დეპრესია აქვს

პუბლიკა

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეორე დასკვნა მოამზადეს. დასკვნას 9 ექიმი აწერს ხელს და კონსენსუსით მომზადდა.

ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის თქმით, დეპრესიის საზომი ინსტრუმენტით დეპრესიის დიაგნოზი დაესვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოთერაპია და ადეკვატური მკურნალობა.

„მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე ვნახე ერთჯერად მიხეილ სააკაშვილი და იმ ნახვისას ნიშნები ფარმაკოლოგიური წამების არ ეტყობოდა. კატეგორიულად რომ განვაცხადოთ საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებაზე ჯერ უნდა ჩამოიწეროს მისი საჭიროებები, მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და მერე უნდა შეფასდეს ჩვენი რესურსებით ამ საჭიროებების დაკმაყოფილება რამდენად შესაძლებელია.

ეს უნდა მოხდეს დინამიკაში. დღეს მწვავე მდგომარეობა არ აქვს და როცა ჩატარდება მკურნალობა, მერე შევაფასოთ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამაზე საუბარი. სასურველია, რომ მოხდეს მკურნალობის შედარებითი ოპტიმიზაცია და ტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ჩართვა საჭირო. რაც შეეხება შუმოკებს და ბადრაგის ქცევას, ეს მისთვის ძალიან ტრავმულია. შუმოკებზე საუბარი თვითონ დაიწყო, ემოციურად შეიცვალა, დაიძაბა და შეეტყო რომ მისთვის ეს მოგონება ძალიან ტრავმულია. ყველა ამ ნიშნით ვასკვნით რომ ეს მოგონებები ტრავმულია დღემდე მისთვის.

არსებობს კლინიკური კრიტერიუმები და იქ ნათლად არის ნაჩვენები რა სიმპტომები უნდა ჰქონდეს, რომ დეპრესიის დიაგნოზი დასვა. დეპრესიის საზომი ინსტრუმენტით, ბეკის თვითშეფასების სკალით აღმოჩნდა, რომ მას მძიმე დეპრესია აქვს, ამ სკალამ ეს აჩვენა, თუმცა მხოლოდ ერთი კითხვარით ამას ვერ დაამტკიცებ. საშუალო და მძიმე დეპრესია გვიწერია და ამას კიდევ სჭირდება დაკვირვება.“ – განაცხადა კურატაშვილმა.