სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. ანგარიშში 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებია ასახული.
ერთი თავი ეთმობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში არსებულ ჰიგიენურ პირობებსა და ღირსეულ გარემოს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი შშმ ქალებზე ძალადობის გავრცელებულ ფორმებად განიხილავს ისეთი პროცედურების უგულებელყოფას, როგორიცაა ჰიგიენური პროცედურები, მენსტრუალური და სანიტარული მენეჯმენტი. განმარტებულია, რომ ძალადობის მსგავსი ფორმები, ხშირად, უტოლდება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას.
ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფმა ზოგადად შეაფასა სამიზნე დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, ჰიგიენურ-სანიტარული პირობები, გათბობა/გაგრილების სისტემა, აბაზანით სარგებლობის, ჰიგიენური საშუალებების მიწოდების, ტანსაცმლით და პირადი ნივთებით უზრუნველყოფისა და პირადი სივრცის დაცვის საკითხები.
სტაციონარულ-ფსიქიატრიული დაწესებულებები
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ამ მხრივ არასასურველი ვითარებაა მრავალპროფილური საავადმყოფოების ფსიქიატრიულ განყოფილებებში, სადაც არსებული ბიუროკრატიის გამო, განყოფილების პასუხისმგებელ პირებს დაწესებულების მენეჯმენტთან უჭირთ განყოფილებისთვის ქალის ჰიგიენური საფენებისა და ჰიგიენის ზოგიერთი სხვა საშულების შეძენის აუცილებლობის დასაბუთება, რადგან იქ ხანგრძლივი დროით პაციენტები არ ყოვნდებიან, იმართება მხოლოდ მწვავე შემთხვევები.
ისეთი ქალებისთვის, ვისაც ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერა არ აქვთ, ჰიგიენის ნივთების შეძენა ექიმებს უხდებათ. მიღებული პრაქტიკაა ჰიგიენური საფენების დაჭრა/გაყოფა.
ომბუდსმენმა გამოავლინა შემთხვევები, როცა დაწესებულებაში არის ქალის ჰიგიენური პაკეტების მარაგი, მაგრამ თავად პაციენტებმა ამის შესახებ არ იციან და ოჯახის წევრებს სთხოვენ საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას.
პაციენტები ხშირად მიუთითებენ აბაზანაში ცივ წყალზე, რაც ართულებს პირადი ჰიგიენის დაცვას. უარყოფითად ფასდება ის ფაქტი, რომ რიგ დაწესებულებათა საპირფარეშოებში საერთო მყარი საპონია ხელმისაწვდომი, რაც გადამდები დაავადებების გავრცელების რიკს ზრდის.
ზოგიერთ სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტებს არ აქვთ პირადი ტანსაცმელი და თეთრეული, მათ საერთო მარაგიდან უწევთ ტანსცმლის, მათ შორის, საცვლის არჩევა. საერთო სარეცხი, მათ შორის საცვლებიც, ერთად ირეცხება.
დამატებითი პრობლემაა, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში არის გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოები, რომლითაც ქალები და კაცები სარგებლობენ, საპირფარეშოს კარი კი შიგნიდან არ იკეტება. დაწესებულებების ხელმძღვანელები ამ ფაქტს უსაფრთხოების მიზნებით ხსნიან. პაციენტები ამბობენ, რომ პერსონალი კარს არ აკონტროლებს და შესაძლებელია, უკვე დაკავებულ საპირფარეშოში ვინმე შევიდეს.
ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის გართულებულია საპირფარეშოთი სარგებლობის საკითხი, თითქმის არასდროსაა უზრუნველყოფილი სრული შეღწევადობა და სველი წერტილებით სრულყოფილი სარგებლობა.
შშმ პირთა პანსიონატები
ომბუდსმენის შეფასებით, შშმ პირთა პანსიონატებში სველი წერტილების ადაპტირების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მისაწვდომია ცხელი და ცივი წყალი. ბენეფიციარებს აქვთ ჰიგიენის დაცვის ინდივიდუალური საშუალებების საკმარისი მარაგი.
ობუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევად რჩება პროცედურების დროს ბენეფიციართა ღირსების შეულახავად დახმარება.
„ერთ-ერთ პანსიონატში პერსონალთან ინტერვიუს დროს გამოვლინდა, რომ იმ პირთა შემთხვევაში, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ თვითმოვლა, დაბანასა და პირადი ჰიგიენის დაცვა, ეხმარება დაწესებულების მომვლელი, რომელიც ზოგ შემთხვევაში, საქმის გასამარტივებლად, შეიძლება 2 ბენეფიციარს ერთად ბანდეს”, – წერია ანგარიშში.
სათემო ორგანიზაციები
ანგარიშის მიხედვით, ჰიგიენის თვალსაზრისით, ვითარება დამაკმაყოფილებელია. პრობლემაა ქალის ჰიგიენური საფენების საჭირო მარაგი, რის გამოც აქაც ვლინდება დაჭრილი საფენების გამოყენების პრაქტიკა. ომბუდსმენის შეფასებით, პრობლემურია საერთო საპნის გამოყენების პრაქტიკა.
ომბუდსმენის საერთო შეჯამებით, ზოგადი ჰიგიენურის სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებული საყოფაცხოვრებო პირობებისა და ჰიგიენის დაცვის ხარისხი მეტწილად ვერ უზრუნველყოფს ქალთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის მაღალ სტანდარტს.
ომბუდსმენის ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.
ასევე იხილეთ: ფსიქიატრიულში პაციენტმა დაუხმარებლად საპირფარეშოში იმშობიარა – ომბუდსმენი