ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები მარინა ჩიტაშვილისადმი მხარდამჭერ პეტიციას ავრცელებენ

პუბლიკა

ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები პროფესორ მარინა ჩიტაშვილისადმი მხარდამჭერ პეტიციას ავრცელებენ.  

„ჩვენ, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები, გამოვხატავთ უპირობო მხარდაჭერას ფსიქოლოგიის დარგის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენლის, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიმართ, რომელიც უკანასკნელ დღეებში მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა. მარინე ჩიტაშვილი მრავალი წელია წარმოადგენს ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას (მეტრს) საქართველოში.

მისი აკადემიური და პროფესიული საქმიანობა ყოველთვის გამოირჩეოდა ეთიკის, დამოუკიდებლობისა და კრიტიკული აზროვნების მაღალი სტანდარტებით. საქართველოს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, რომლებიც პროფესორ ჩიტაშვილს “რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად” წარმოაჩენენ, წარმოადგენს საგანგაშო საფრთხეს – საუნივერსიტეტო და აკადემიური სფერო მოექცეს პოლიტიკური დაპირისპირებების ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ პროფესორ ჩიტაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა არის არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული უსამართლობა, არამედ მცდელობა, დაასუსტონ აკადემიური თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება და პროფესიული ავტონომია. ფსიქოლოგიის სფერო ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, ემპათიას და სამართლიანობას.

ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპებს, მათ შორის – პოლიტიკური ანგარიშსწორება ან მიზანმიმართული კამპანია ჩვენს კოლეგაზე. ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას მარინე ჩიტაშვილს, ვუერთდებით მის ღირსეულ პოზიციას და მოვუწოდებთ ყველა პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას, დაიცვან ის ღირებულებები, რომლებზეც დგას ჩვენი პროფესია – თავისუფლება, სამართლიანობა და პიროვნული კეთილდღეობა.

ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო, რომელიც დაფუძნებულია ცნობიერების, ემპათიისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე, ვერ დარჩება გულგრილი ასეთი საჯარო ცილისწამებისა და ღირსების შელახვის მცდელობის წინაშე. ჩვენ ვდგავართ მის გვერდით როგორც კოლეგები, როგორც მეცნიერები და როგორც ადამიანები, ვინც იცის, რომ სიბნელეს მხოლოდ განათლებით ებრძვიან“,- ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალვა პაპუაშვილმა, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს „რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი“ უწოდა.

„ახლახან გახლდათ ინტერვიუ ქალბატონ მარინა ჩიტაშვილის, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტია და მან თქვა – რომ ამ აქციამ ვერ შეასრულა თავისი მიზანი და ჩამოთვალა: რომ ყოფილიყო სისხლი, რომ ყოფილიყო გასროლა და რომ ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ ამ აქციას ექნებოდა თავისი შედეგი. და ეს არის ის, რასაც ისინი ელოდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის ბრალდებას სოციალურ ქსელში მარინა ჩიტაშვილი გამოეხმაურა.

„წარმოდგენა არ მქონდა, თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა, თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების? ეს მაინტერესებს მხოლოდ. არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან, ოღონდ ეს შედეგი გინდოდათ თქვენ – მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის. იცით რატომ მინდა ევროინტეგრაცია? ასეთი ბრალდებისათვის გიჩივლებდით სასამართლოში ცილისწამებისთვის და მოგიგებდით, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე სხვისი სახელის გამოყენებისა და აზრის შეგნებულად დამახინჯებისათვის“, – წერს მარინა ჩიტაშვილი.

6 ოქტომბერს „ფორმულას“ ეთერში გასულ ინტერვიუში, რომლის საფუძველზეც შალვა პაპუაშვილი მარინა ჩიტაშვილის „ოპოზიციის პროპაგანდისტობას“ აბრალებს, მარინა ჩიტაშვილი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად 4 ოქტომბრის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ 4 ოქტომბერი დრამატულად რომ განვითარებულიყო, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა დაწყებულიყო ახალი ეტაპი და „პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონია“. 

„4 ოქტომბერს ახალი ეტაპი არ დაწყებულა. 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვესაუბრა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო, და ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი.

ასეთ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი, რომელიც გარეთ გამოვიდა, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონია და ვითხოვდით იმას, რასაც ვითხოვთ 28 ნოემბრიდან – ჩადგეს ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში. დავდგეთ ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდეს ანგარიშვალდებულება, გვქონდეს თავისუფალი არჩევნები და იყოს ხელმისაწვდომობა ყველაფერზე, ყველა ადამიანისთვის. სამოქალაქო პროტესტი ამას გულისხმობს. პოლიტიკოსებს რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თუ გახსოვთ, სერიოზული პროტესტი დაიწყო 28 ნოემბრიდან, როცა გამოცხადდა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

გუშინ კი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული „იმედის” კითხვაზე პასუხად პროფესორ მარინა ჩიტაშვილთან დაკავშირებით თქვა:

„ეს აჩვენებს იმას, რომ ტრაგიკული მდგომარეობაა ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემაში, ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში? თავის დროზე, 2004-2012 წლებში ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავტორიტარულმა მმართველობამ და საკადრო საკითხებს მაშინდელი მმართველობა აგვარებდა. ამის გამოძახილია ეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.