ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს სარეაბილიტაციო სერვისს სთავაზობენ

პუბლიკა

არასრულწლოვნებს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვნებს 18-დან 25 წლის ჩათვლით (ოჯახის წევრებთან ერთად), რომლებიც მიიჩნევენ, რომ დამოკიდებულნი არიან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობენ, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სარეაბილიტაციო მომსახურება მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის/ექიმი ნარკოლოგის, სოციალური მუშაკისა და ფსიქიატრის (საჭიროების შემთხვევაში) მომსახურებას.

სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვის მიზნით, უნდა დარეკოთ ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე – 111. ზარი უფასოა, კონსულტირება და სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 19:00 საათამდე.

„ადიქციის პრობლემა ეს არის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა, მიჯაჭვულობა ვინმეს/ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშე ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ადიქციის პრობლემა გამოიხატება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარებით; აზარტულ, კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.