Financial Times-ის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ორი წელიწადის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა.
„არჩევნები ჩატარდება ვადის ამოწურვამდე, ზუსტ ვადას კომპეტენტური ინსტიტუტები გადაწყვეტენ“, – განაცხადა ვუჩიჩმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე.
Financial Times-ს ვუჩიჩთან დაახლოებული თანაშემწე ეუბნება, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, მხოლოდ ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე ფიქრობს.
„რასაც ის [ვუჩიჩი] ამბობს, ესაა, რომ არჩევნები შეიძლება, დაგეგმილზე ადრე იყოს“, – თქვა თანაშემწემ – „მას, რა თქმა უნდა, ოფიციალურად არ დაუნიშნავს არჩევნები. მაგრამ ეს შეიძლება იყოს უფრო ადრე. წარმოვიდგენდი… რომ არა უადრეს მომავალი წლის ბოლომდე.”
გამოცემის ცნობით, შაბათ-კვირას სერბეთში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა. ისინი კორუფციასა და ავტორიტარულ მმართველობას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
საპროტესტო გამომსვლელებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა კვირას, ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ნგრევის წლისთავზე.
ნოვი სადში ნგრევამ 16 ადამიანი იმსხვერპლა. ამ ინციდენტმა, რომელსაც ხელისუფლების კორუმპირებულობის შედეგად მიიჩნევენ, დიდი ანტისამთავრობო პროტესტი გამოიწვია და ვუჩიჩის მმართველობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
FT-ის ცნობით, სტუდენტურმა მოძრაობამ უკვე შეადგინა კანდიდატების სია, რომლითაც ისინი მზად არიან ვუჩიჩის მმართველ პარტიას დაუპირისპირდნენ, თუმცა ეს სია, ჯერჯერობით, არ გასაჯაროებულა. თუ ვუჩიჩის პარტია პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს, პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება.