„ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის კონფისკაცია უპრეცედენტო შემთხვევაა“ - პროკურატურის განცხადება

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც ბრალდებული იყო დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზაციის ფაქტზე. მათივე ცნობით, ბრალდებულს 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე კომპლექსური შემოწმების აქტი.

„მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა.

შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებისთანავე დაყადაღდა საბანკო ანგარიშები. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მილიონი აშშ დოლარი, რაც 23 მილიონი ლარის ეკვივალენტია. ასევე, მსჯავრდებულს ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის ოდენობის დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში. აღნიშნული თანხა წარიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში“, – აცხადებს პროკურატურა.