ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან დასრულდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, ფასილიტატორების თხოვნით.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, სავარაუდოდ, მოლაპარაკების მესამე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ელჩების მონაწილეობით, მას შემდეგ გაიმართება, რაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წერილობით პოზიციას გაეცნობა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ფასილიტატორებთან ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია.
„ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან, ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნაა, რომ ეს ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“, როგორც ფასილიტატორებმა. მათი თხოვნაა, რომ შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ, სანამ „ქართული ოცნების“ მხრიდანაც არ იქნება პოზიცია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წევრმა, კობა ნაყოფიამ, შეხვედროს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფუნდამენტურ მოთხოვნებში ცვლილებები არ არის. უბრალოდ, წერილობით უფრო დაკონკრეტებული და შეჯერებული პოზიცია ჩამოაყალიბა ოპოზიციამ.
„გეტყვით, რომ ჩვენი მოთხოვნები, რაც იყო დაკავშირებული ახალ არჩევნებთან, პოლიტიკურ პატიმრებსა თუ სხვა საკითხებთან, ყველაფერი ძალაში რჩება. ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს „ქართული ოცნებისგან“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ესაა შეჯერებულ წინადადებათა პაკეტი, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ მალევე უნდა წარმოადგინოს თავისი პოზოცია.
„ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსი და ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია, მოლაპარაკება ვერ შედგება,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დეტალებზე არ უსაუბრიათ ჟურნალისტებთან ასევე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილსა და „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. მათი თქმით, ისინი ელოდებიან ოპოზოციის საერთო წერილობით პოზოციაზე „ქართული ოცნების“ ასეთივე წერილობით პასუხს.
საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. 20 და 25 ნოემბერს კი ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.
ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.
ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.