„ცხარე დისკუსია გვქონდა, მაგრამ პოზიცია შევაჯერეთ“ | ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელოს“ ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა, რომელიც ახალ არჩევნებს ეხება, კვლავ ძალაშია. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რიგ საკითებთან დაკავშირებით პოზიცiებზე ჩამოყალიბდნენ, იყო „ახალი კომპონენტებიც”, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, სანამ ამ პოზიციას ფასილიტატორებს გააცნობენ.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პოზიციის შეჯერებამდე მხარეები ცხარე კამათის შემდეგ მივიდნენ.

„ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათს გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ. მზად ვართ, III რაუნდისთვისაც, ელჩებთან შეხვედრისთვისაც… ვერ გეტყვით, რა არის ეს პოზიცია. ძველი მოთხოვნები რაც იყო, ის მოთხოვნები რჩება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„კი ცხარე კამათიც გვქონდა; პოზიცია არის ერთიანი, საბოლოოდ, შევაჯერეთ პოზიციები და, ჩემი აზრით, მზად ვართ იმისთვის, რომ  შევხვდეთ ფასილიტატორებს“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გორგი ვაშაძე ვარაუდობს, რომ დიპლომატიურ კორპუსს ისინი ხვალ შეხვდებიან და მათ შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ.

„ძალიან სერიოზული და ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც  ოპოზიციამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და საერთო პოზიციაზე ვდგავართ. განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი. დეტალებში ვერ შევალ. დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ეს საკითხები და ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ, ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ვაჩვენოთ სახე, რომ მზად ვართ… ვიკამათეთ სტრატეგიაზეც, საკითხებზეც, რაც მთავარია, შეთანხმებული პოზიციით გამოვედით“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ლელოს” ერთი-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც აღნიშნვს, რომ „არის სხვა საინტერესო წინადადებებიც”, თუმცა დეტალებზე არც ის საუბრობს.

„არის ახალი კომპონენტები, საინტერესო. პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, ჩვენ ვართ ერთიანნი ჩვენს პოზიციაში. მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იგივეა. არის სხვა საინტერესო წინადადებებიც, რაც, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ…

სანამ არ გვექნება ჩვენი მოდერატორებისგან შესაბამისი თანხმობა, ამას საზოგადოებას ვერ გავაცნობთ, მაგრამ აუცილებლად გავაცნობთ, როდესაც შევთანხმდეიბთ ჩვენს მორედატორებთან, რომ შეგვიძლია, გამოვიტანოთ საჯაროდ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.


დღეს მოლაპარაკების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა „ქართულ ოცნებაშიც“.

„ქართული ოცნების“ წევრმა, კახა კუჭავამ რამდენიმე დღეში მოლაპარაკების III რაუნდი დააანონსა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ უთქვამს. კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ყველასთვის მისაღებ შეთანხმებას მიაღწევენ.

„ქართული ოცნების“ წევრი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. კახა კუჭავას განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებზე მათი მხრიდან საუბარი არ არის, თუმცა განიხილება სხვადასხვა წინადადება და მისი თქმით, პროცესი შეთანხმების იმედს ტოვებს.

LB loan image desktop LB loan image mobile