ცესკოს შემაჯამებელი სხდომა და მოლაპარაკების III რაუნდი | რა მოლოდინი აქვთ მხარეებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრმა, კახა კუჭავამ რამდენიმე დღეში მოლაპარაკების III რაუნდი დააანონსა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ უთქვამს. კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ყველასთვის მისაღებ შეთანხმებას მიაღწევენ.

„ქართული ოცნების“ წევრი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. კახა კუჭავას განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებზე მათი მხრიდან საუბარი არ არის, თუმცა განიხილება სხვადასხვა წინადადება და მისი თქმით, პროცესი შეთანხმების იმედს ტოვებს.

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ, ყველა, გავაგრძელებთ პარლამენტის ფორმატში დებატებს, კამათს და საქმიანობას. წარმოდგენილია კონკრეტული წინადადებები და შეთავაზებები, რომელზეც თქვენთან ვერ ვისაუბრებ. ეს დახურული შეხვედრის ფორმატია. ამიტომ, დაველოდოთ. რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებზე მიდის მსჯელობა, თუმცა, აქვე ხაზს გავუსვამ, რომ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არ არის“, – განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავას თქმით, მესამე რაუნდი პარლამენტის პირველ სხდომამდე უნდა გაიმართოს. ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს. კანონმდებლობის მიხედვით, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა შეიკრიბოს პარლამენტი.

ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღებასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხს ოპოზიციონერი ლიდერები გამოეხმაურნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში არც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია არ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. მისი თქმით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმი რეალობას ვერ შეცვლის.

„იმ პარლამენტში ვერავინ, ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია, ლიდერი და წარმომადგენელი ვერ შევა და არ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციას აქვს წაყენებული . ეს არის რეალობა, რომელსაც უკვე ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაუსწოროს თვალი. ჩვენ ხომ გავუსწორეთ რეალობას თვალი ცესკო-სთან მიმართებით და დავრწმუნდით, რომ ის არის ორგანიზაცია, სადაც ყალბდება რეალობა. გასაგებია, მივიღეთ ეს რეალობა და ახლა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც შექმნა დამატებითი კრიზისი ქვეყანაში, რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი, თავის მხრივ, და წამოვიდეს დათმობაზე ოპოზიციასთან, მოუწევს ამის გაკეთება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ III რაუნდს არ ექნება აზრი, თუ „ქართული ოცნება“ კონკრეტულ წინადადებას არ მოიტანს. მისი თქმით, ცესკო, შემაჯამებელი ოქმის შედგენით საბოლოოდ გააფორმებს არჩევნების გაყალბებას.

„ცესკო დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას და ყველა გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის ფორმალურად დაიხურება ცესკოსა და ივანიშვილის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის კრიზისი, რომელიც დღეს არის, პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგიც იქნება ერთპარტიული პარლამენტი, თუ ივანიშვილი ამ დღეებში კონკრეტული წინადადებით, რომელიც ეხება ახალ არჩევნებს, არ წარდგება ოპოზიციისა და მედიატორების წინაშე“, – განაცხადა კაპანაძემ.


ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გადახედვას არ აპირებს. მაშინ რა იქნება ის კომპრომისი, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან, ამაზე, ჯერჯერობით, ღიად არ საუბრობენ. მიზეზად მოლაპარაკების დახურულ ფორმატს ასახელებენ.

25 ნოემბერს დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თუ „ოცნება“ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას დათანხმდება, ოპოზიცია მზად არის, მათთან სამუშაო ჯგუფის ფორმატში ითანამშრომლონ. სხვა ოპოზიციონერები ამ საკითხზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

კიდევ ერთი განსხვავებული განცხადება გააკეთა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც თქვა, რომ თუ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, მაშინ ბოიკოტის შეწყვეტისთვის ოპოზიციას „წონიანი“ წინადადება უნდა შესთავაზოს. „გირჩის“ აზრით, თუ ხელისუფლემა მართლმსაჯულების იმ რეფორმას გაატარებს, რომელზეც ოპოზიციაა შეთანხმებული, მაშინ ბოიკოტის დათმობა ღირს. ჯაფარიძის ამ იდეას არ დაეთანხმნენ „ევროპული საქართველოს“ და ენმ-ის წევრები.