„თუ ხელისუფლება მოდის მართლმსაჯულების რეფორმაზე, ამაში ბოიკოტს ეგრევე გავცვლიდი“ - ჯაფარიძე

პუბლიკა

„მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ZOOMიერი ჯაფარას“ მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მხარდამჭერის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ შესაძლებელია, ოპოზიციის ეს ბოიკოტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რამეში ბარტერის პრინციპით გაცვალო.

მისი თქმით, ბოიკოტის შეწყვეტისთვის ვადამდელი არჩევნების ალტერნატივა უნდა იყოს „წონიანი“. ზურაბ ჯაფარიძისთვის ასეთი ალტერნატივა მართლმსაჯულების ის რეფორმაა, რომელზეც ოპოზიცია არის შეთანმხებული.

„ახლა არის მოლოდინის რეჟიმი, რომ ხელისუფლებამ რაღაც კონკრეტული პასუხი უნდა მოიტანოს მესამე რაუნდზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მანამდე სხვა თემების წამოწევის სივრცე არ არსებობს, რადგან გაუგებარი ამბავი იქნება. ალტერნატივა უნდა იყოს წონიანი, თუ არ არის ვადამდელი არჩევნები, მაშინ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დათმოს ხელისუფლებამ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი გადმოსახედიდან იზომება იმითი, რომ ძალაუფლების დათმობაზე უნდა იყოს საუბარი, არა რაღაცა გზის დაგებაზე და მარტივ რაღაცაზე, არამედ მნიშვნელოვანი ძალაუფლების დათმობაზე, რადგან ეს არჩევნები იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლის არჩევნები და ეს არჩევნები იმდენად გაყალბდა, რომ „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დარჩეს. ეს ძალაუფლება რაღაცებზე დგას და, კი რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გამოეცალოს და მაშინ შეიძლება დაბარტერდეს.

მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. და თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი.

„ოცნებამ“ რომ თუნდაც სასამართლო დათმოს, ეგ ნიშნავს ძალაუფლების დათმობას, რადგან სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მაგიტომაც სჭირდებათ იქ სრული კონტროლი. ეგ რომ დათმოს, ნიშნავს ძალაუფლების სრულ დათმობას და არ მჯერა, რომ მაგაზე წამომსვლელი არის „ოცნება“. მე დავაბარტერებდი ეგრევე. მე თავისუფალ სავალუტო რეჟიმში დავაბარტერებდი მარტო და ეროვნული ბანკის გაუქმებაში თუნდაც. შეიძლება, ვქნა საჯაროდ. ახლა მესამე რაუნდამდე მაგის გაკეთება არასწორი იქნება. მესამე რაუნდის შემდეგ შეიძლება საჯაროდ ამის თქმა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების III რაუნდი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსენსუსის მისაღწევად მმართველი გუნდის წინადადებას ელოდებიან.

საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, გასულ 20 და 25 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.