გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი - „ევროპული საქართველო“

პუბლიკა

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, რუსთავში საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს.

„საწვავის ფასის გაძვირებამ დაუმძიმა მდგომარეობა ყველა ჩვენს მოქალაქეს, არა მარტო იმათ, ვინც საწვავს ასხამს საკუთარ მანქანაში, არა, ეს აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასებზე. განსაკუთრებული უტიფრობაა, როდესაც ასეთი კრიზისის დროს, იმ მარტივ ნაბიჯს არ დგამს მთავრობა, რომელიც მყისიერად შვებას მისცემდა ყველა მოქალაქეს და შეამცირებდა წნეხს ფასების ზრდაზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ მთავრობის გამოცვლამდე ამ კამპანიის წარმოება. ჩვენ ვიწყებთ სარეკლამო კამპანიასაც, რათა ყველა მოქალაქემ გაიგოს, რაშია პრობლემა და მეორე, პეტიციის სახით ბოლომდე უნდა მოხდეს მხილება და ზეწოლა.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.