პროკურატურის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, გენერალური პროკურორის მოადგილედ კი ზურაბ ბელთაძე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელთაძეს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს.
„გიორგი გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა“, – წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გვარაკიძეც პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
უწყების ცნობითვე, თბილისის უკვე ყოფილი პროკურორი – ლევან გეგეჭკორი სასაზღვრო პოლიციაში გადავიდა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე.
რაც შეეხება მალხაზ კაპანაძეს, რომელიც ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა.
„საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ახალ მოადგილესთან, თბილისის ახალ პროკურორთან და დეპარტამენტის უფროსებთან საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა“, – წერია განცხადებაში.