გაბუნიას თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროფესიული საბჭოს რეკომენდაციით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკამ გამოძიების დასრულებამდე დროებითი ღონისძიების სახით რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საბჭოს გადაწყვეტილებით, ეთიკური პრაქტიკის სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. გაბუნიას თქმით, საქმეზე ექსპერტიზა ჯერ კიდევ გრძელდება.

„ახალციხის კლინიკა „იმედში“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი კოლეგა, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, რაც ვაქცინაციის პროგრამის პირველივე კვირას მოხდა, ამ საქმეზე ექსპერტიზა ჯერ კიდევ გრძელდება.

გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო, რომელმაც იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომლებიც იქ დაფიქსირდა. გამოძიებამ ამის შესახებ საზოგადოებას დიდი ხნის წინ აცნობა. პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია ახალციხის კლინიკის მიმართ იყო იმგვარი, რომ ეთიკური მხარე, ასევე პროცედურული და საქმის წარმოების მხარე დაირღვა ამ შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა, აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს, ეს იყო რეაგირება განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიერ დროებით, ვიდრე არ დადგინდება საბოლოოდ მიზეზები“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, მიუხედავად პროცედურული გადაცდომებისა რამდენიმე თანამშრომელი მაინც აგრძელებდა მუშაობას.

„ამ შემთხვევაში იყო საუბარი იმ ექიმებზე, ვინც ჩართული იყო პროცესში, შეიძლება, ორი, ან სამი კოლეგა, ნაწილი იქ აღარ მუშაობდა. ამდენად, ის, ვინც იქ დარჩა, ამათთან მიმართებაში არაეთიკურად ჩაითვალა საკითხი. მიუხედავად ასეთი ტიპის პროცედურული გადაცდომებისა, კოლეგები აგრძელებდნენ მუშაობას იმავე დაწესებულებაში რეაგირების გარეშე, ვფიქრობ, ორი შემთხვევა იყო ასეთი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, საბოლოო მიზეზების დადგენის შემდეგ საბჭო კიდევ იმსჯელებს პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ.


ახალციხის კლინიკა „იმედში“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგი ბაქრაძის საქმეზე 3 ბრალდებულს, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო – 3000-3000 ლარი.

პროკურატურამ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრალი 7 აპრილს წაუყენა.