გაბუნიას თქმით, ზალკალიანის მოადგილე კვლავ ინდოეთშია და ვაქცინებზე მოლაპარაკებას აგრძელებს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მარტის ბოლოს, დიდი ალბათობით, ექნება ქვეყანას ვაქცინის პირველი დოზა.

შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს ქვეყანა „კოვაქს“ პლატფორმის გვერდის ავლით ვაქცინის მისაღებად, გაბუნიამ უპასუხა, რომ უკვე ერთი კვირაა, საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ამ მისიით იმყოფება ინდოეთში, მწარმოებლებთან სასაუბროდ.

„ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე .უკვე თითქმის კვირაა, რაც იქ ვიზიტი გრძელდება. ინდოეთი არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ვაქცინების. მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რომელიც იწარმოება სერომის ინსტიტუტის მიერ, ასევე, მოსალოდნელი „ნოვავაქსი“, რომელიც ასევე სეროვის ინსტიტუტში უნდა აწარმოონ. არის ინდური ვაქცინებიც, რომელთაც ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღიათ, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო არა ერთმა ქვეყანამ. მილიონობით დოზა შეიძინა, მაგალითად, ბრაზილიამ.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ასტრაზენეკა“ და „ნოვავაქსი“ ინდოეთში სერომის ინსტიტუტში იწარმოება და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

რა თქმა უნდა, ყველანაირი დეტალი განიხილება. ინდოეთი გარკვეულწილად მკაცრად არეგულირებს დღეს ქვეყნიდან ვაქცინის გატანას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი და ყველა დიპლომატიური არხის გამოყენება იმისთვის, რომ დროულად დავიწყოთ ინდოეთიდან ვაქცინის იმპორტი. თავდაპირველად საუბარია შედარებით მცირე რაოდენობაზე, თუმცა „ნოვავაქსის“ მიმართულებით დაახლოებით მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და „ნოვავაქსის“ მოლოდინი ასევე „კოვაქს“ პლატფორმიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება და დასრულდება მაშინ, როდესაც ქვეყანას ექნება დადასტურებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების თარიღთან დაკავშირებით.