პროკურატურის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა“, – წერია განცხადებაში.
პროკურატურა ამბობს, რომ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება ამბობს, რომ მათი შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.