გაჩნდა აღქმა, რომ მცდელობაა, სტატუსის მინიჭება უხილავი წინაპირობების მიხედვით მოხდეს - ბოჭორიშვილი

პუბლიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ ევროინტეგრაციისთვის საქართველოს, გარდა 12 რეკომენდაციის შესრულებისა, უხილავი წინაპირობებიც აქვს წაყენებული.

„გასულ კვირას ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის სერიოზული მცდელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდეს არა იმ 12 რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით, რომლის განსაზღვრაც და შესრულებაც რთულია საქართველოს ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, „ასეთი წინაპირობების ინტერპრეტაცია მარტივია, ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.“

ბოჭორიშვილმა ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო სექტორს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობისკენ მოუწოდა.

მაკა ბოჭორიშვილის საპასუხოდ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს გაჟღერდა ორი პროპაგანდისტული გზავნილი, რომლითაც ხელისუფლება აპირებს, მოატყუოს მოქალაქეები, თუ რატომ შეიძლება ვერ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი.

„ერთი დიდი ტყუილი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი ბოჭორიშვილის პირიდან ეს არის ის, რომ თითქოს ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და სხვები, აბრკოლებენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და მისი სრულიად ისტერიული ტონი კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ როგორც ჩანს, გზავნილები, რომლებიც მიღებული აქვს ხელისუფლებას იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ იქნება წლის ბოლოს არის „ოცნების“ წარმომადგენლებისთვის ძალიან დამაჯერებელი. რეალობა კი არის ის, რაც გითხრეს, ქალბატონ ბოჭორიშვილს და „ქართულ ოცნებას” ბრიუსელში- თუ გსურთ დაინახოთ მიზეზი, რატომ არ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, სარკე ახლოს მიიტანეთ სახესთან და კარგად შეხედეთ საკუთარ თავს.

და მეორე, პროპაგანდისტული ხაზი „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფის მიერ განვითარებული, რომ თითქოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარს თუ გვეტყვიან, ეს მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაც გვთხოვს ქართულ ტრადიციებთან დაპირისპირებული ღირებულებების მიღებას ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ერთი, ასევე მეორე ხაზი არის მტკნარი ტყუილი.

რეალობა არის ის, რომ ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს მურუსიძის სასამართლო კლანის დაშლას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც გეუბნებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თქვენი შვილების ევროპული მომავალი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მურუსიძის სასამართლო კლანი“, – თქვა მან.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკეთა ჰომოფობიური განცხადებები და გამოსვლის ბოლოს მუქარანარევად აღნიშნა ისიც, რომ თუ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის იარაღად გამოიყენებენ, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი.

„პუბლიკა” ემიჯნება მის ჰომოფობიურ და დეზინფორმაციულ განცხადებებს.