თუ შეეცდებით, რომ ლგბტ თემა გამოიყენოთ შანტაჟისთვის, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი - ხუნდაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკეთა ჰომოფობიური განცხადებები და გამოსვლის ბოლოს მუქარანარევად აღნიშნა ისიც, რომ თუ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის იარაღად გამოიყენებენ, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი.

„პუბლიკა” ემიჯნება მის ჰომოფობიურ და დეზინფორმაციულ განცხადებებს:

„ვერაფრით წარმოვიდგენდით იმას, რომ თუნდაც ამერიკაში, რუზველტის, ლინკოლნის, რეიგანის და სხვათა ქვეყანაში, ამერიკის სახელმწიფო დროშას ლგბტ დროშა ჩაანაცვლებდა. აღარაფერს ვამბობთ, სხვა ტრადიციულ და განსაკუთრებით მართლმადიდებლურ სახელმწიფოებზე.

რა ხდება, რატომ არის ასეთი დაუნდობელი ბრძოლა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ტრადიციების, რწმენის, ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ? რაში სჭირდებათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ასეთი მასშტაბური პროპაგანდა და პოპულარიზაცია. ხომ ყველამ ვიცით, რომ მათ არავინ ეხება და მათ არავინ ერჩის. მაშინ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი განსაკუთრებით დღეს, ამ ურთულეს გლობალურ პროცესებში?

დემოკრატიას ამოფარებულები შენიღბულად მოქმედებენ ახალგაზრდა თაობის გასარყვნელად, თუმცა უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ და შეეხნენ ბავშვებს. ეს უკვე საგანგაშოა, ამის იქით მხოლოდ უფსკრულია. საქართველოში ბავშვებს დედაენის წიგნებს ურიგებენ და არა ერთსქესიანთა ოჯახური თანაცხოვრების წესებს აცნობენ. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამბობს უფალი არ გაწირავს საქართველოსო, მაგრამ ეს ასე არ იქნება, თუკი ჩვენ თავად გავწირავთ ჩვენს ქვეყანას და არ დავიცავთ საკუთარ შვილებს.

თუკი ამერიკის პრეზიდენტს, ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები, სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის გასაქრობად სურთ.

ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებულია ლგბტ პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით. მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თქვენ საქართველოში, მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყანაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს. ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი”, – განაცხადა ხუნდაძემ.