„გადაადგილდებოდა ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ" | გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

სუსის განცხადებით, მათთვის ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რის შემდეგ  ის დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს”, – წერს სუსი.


ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე” გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მან განაჩენის გამოცხადებამდე, 4 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანას ტოვებდა.