პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ინტერესი საფრთხის ქვეშ დადგება.
„ყველა პირს აქვთ თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის.
რაც შეეხება შესაძლო შეზღუდვებს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ეს უფლება – თავისუფალი გადაადგილების უფლება – არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება, რომ არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი ინტერესები, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი არის საფრთხის ქვეშ…
მე მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანად გამოხატოს ყველამ თავისი პოზიცია. იქნება ძალადობა? – ამას ექნება მკაცრი რეაგირება. ვინმე გაბედავს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეფერხებას და ასე შემდგომ? – იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ამბობს ოხანაშვილი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ოხანაშვილი რადიკალური ჯგუფების შეზღუდვის საჭიროებას, ოხანაშვილი პასუხიბს:
„ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას“, – აღნიშნა დეპუტატმა.
Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. „ღირსების მარშის“ სლოგანი იქნება – „გამოდი სოლიდარობისთვის“.