„გადაიხდი, მეგობარო! ეს შენ გჭირდება“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და მელიას მოუწევს, დაემორჩილოს სამართლიან გადაწყვეტილებას და დღეს იმის ფუფუნება არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შანტაჟის ენით ველაპარაკოთ.
„ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სტატუსის მოუხედავად, ნებისმიერი ადამიანის ქცევა კონსტიტუციას და სამართლიან გადაწყვეტილებას ექვემდებარება. ნიკა მელიას გირაოს გადახდა მოუწევს და ამ გირაოს გადაიხდის. მნიშვნელობა არ აქვს, პირადად ის თუ მისი მეგობრები. ანალოგიური განცხადებები მისი პოლიტიკური თანაგუნდელებისგანაც გვახსოვს, მაგრამ ნიკა გვარამიას შეგახსენებთ. მას ამისთვის მადლობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს პატივი სცა. დღეს იმის ფუფუნება არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შანტაჟის ენით ველაპარაკოთ. ნიკა მელიას ვურჩევ, რომ შანტაჟს ნუ დაექვემდებარება და პროვოკაციებს ნუ დაიწყებს. მან კანონი დაარღვია ისევე, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა და გირაო გადაიხადეს. თუ არ გადაიხდის, ამით განაჩენს თავის თავს გამოუტანს. ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მას არც ამომრჩეველი და არც სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს. გადაიხდი, მეგობარო! ეს შენ გჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პროკურატურაში 5 თებერვალს დაიბარეს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც, გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ან, თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში დაიბარეს.