[გირაოს] არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ - ნიკა მელია

პუბლიკა

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში დაიბარეს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კიბახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და, ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მონაწილეობა მივიღო ამ სიყალბეში“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ის ამ ბრძოლაში მართალია.


აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პროკურატურაში დღეს დაიბარეს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას  ეკვივალენტური  უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.