გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზი 112 შეფერხებით მუშაობს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელი ხაზი – 112 შეფერხებით მუშაობს. 112-ზე დარეკვისას ზარი ავტომატურად ითიშება.

112-ის შეფერხებით მუშაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია 112-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.

„21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ 16 908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4 966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი“, – აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ 112-თან დაკავშირებას.

„გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია“, – აცხადებს შსს.

 


112 არის საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი, რომელიც 2012 წელს გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით შეიქმნა. საქართველოს მოქალაქეები ამ ნომრით უკავშირდებიან პოლიციას, სახანძრო/სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.