„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ მედიას განუცხადა, რომ შეიცვალა დაანონსებული აქციების ფორმა.
მისი თქმით, 4 მარტს დაგეგმილი კანცელარიის პიკეტის ნაცვლად 1 საათიდან მოეწყობა საავტომობილო მსვლელობა, 13 მარტის აქცია კი გადაიდო 20 მარტს; განიხილავენ მცირე საპროტესტო ღონისძიებების, მათ შორის სასამართლოსთან და პოლიციასთან დაგეგმილი აქციების მოდიფიკაციასაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო ღონისძიების ორგანიზებისას. განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად“, – თქვა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, აქციების მოდიფიკაციის კიდევ ერთი მიზეზი სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისა და დაკავების თავიდან აცილებაა.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, თინა ბოკუჩავას განმარტებით, შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის შედეგად შედგენილი 6 პუნქტის პრიორიტეტიზაცია არ მომხდარა და ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ.
ოპოზიციისთვის პრიორიტეტი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების საკითხია. თინა ბოკუჩავას თქმით, ამ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და ძალთა გადანაწილების საკითხი. ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ საბოლოო შეთანხმება ამ პუნქტებსაც ასახავს.