ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან კონკრეტული შედეგისთვის - უგულავა

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 16 მარტმადე ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომ ორივე მხარე უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეჯერდეს კონკრეტულ საკითხებზე. ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნები და მელიასა და რურუას გათავისუფლებაა.

„ვნახეთ გუშინ კოლექტიური კაკაფონია გადაბრალებაზე. მინდა განვმარტო, რომ 6-ივე საკითხი, რომლებიც წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე, იყო მის მიერ წარმოდგენილი, მან დაურიგა ყველა მონაწილეს, მათ შორის, ღარიბაშვილს. აქ არ არის პრიორიტეტებზე საუბარი, ექვსივე საკითხი თანაბრად პრიორიტეტულია, არა უკვე ფასილიტატორისთვის, არამედ მედიატორისთვის.

ფასილიტაცია და მედიაცია სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან – ფასილიტაციას ვინც ახორციელებს, იმას არ აქვს პირადი დღის წესრიგი, უბრალოდ გახვედრებს, მედიაცია ნიშნავს პირადი დღის წესრიგში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შეტანას. სწორედ ასე დაემატა იმ ჩამონათვალს სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა.

მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, სანამ მასში არ მონაწილეობს როგორც საკუთარი პარტიისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური პატიმრები არის მთავარი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.

შემხვედრი ნაბიჯი, უნდა იყოს, ჩვენი ვარაუდით. უკვე დაგვიანებულიც არის, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ 16-ში ბრიუსელში ქართული მხარე უნდა წარდგეს კონკრეტული წინადადებებით. ამ კონკრეტულ წინადადებებს სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება, შესაბამისად, დრო არის ცოტა. ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, მოლაპარაკებები დაიწყება, თუმცა, ნიკა მელიას მაგიდასთან ჯდომის გარეშე, პროცესი იქნება არასრულფასოვანი.