გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა – ჯაფარიძე

პუბლიკა

„თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო მათი სასჯელი გაუქმდა.

როგორც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან „არანაირი დანაშაული არ მომხდარა.“

„ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის იმის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის, ამიტომ ახლა რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება, იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ, რაკი ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა ამ პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გადასარჩენად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძის ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე გადაკვალიფიცირდა. მას 7 წელი მიესაჯა თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდა. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული გირაოს გამო დადებული ყადაღა.

ბადრი ჯაფარიძის ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე და დამნაშავედ იქნა ცნობილი. განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, თუმცა ხანდაზმულობის გამო ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც და მოეხსნა ყადაღა მის ქონებას.

ავთანდილ წერეთელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა ხანდაზმულობის გამო მისი სასჯელიც გაუქმდა.