გადმომათრიეს მანქანიდან, გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა წერილი, რომელიც, მისი თქმით, სააკაშვილმა დაწერა.

ამ წერილში მიხეილ სააკაშვილი აღწერს, როგორ გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში და რა პოზიცია აქვს თავისი პროტესტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და შვილებთან.

როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე.

ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში“ და გინებაც მოაყოლა.

მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა.

ისევე, როგორც პალატაში, სადაც  გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მათ ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე.  ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული ამ ძალადობისა და შეირაცხყოფის შემდეგ აღელვებით.

ყველა იქცეოდა, როგორც კრიმინალი. ჩემს საკანში ისმის კრიმინალების ხმა.

ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. არ ვთანამშრომლობ სამედიცინო პერსონალთან. შევხვდები პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით.

მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და ვერავინ დაგამარცხებთ.

მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტის პირობებში. არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს, უნდა ჩვენი ერთიანობით და მშვიდობიანობით გადავარჩინოთ ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა.

მინდა, ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას – ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს 1 ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. დიდი იმედი მაქვს თქვენი. არ შეგვეშინდეს ამათი“, – წერია სააკაშვილის წერილში.

ამავე მიმართვაში სააკაშვილი წერს, რომ იზიარებს ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, არ გაიმართოს აქცია გლდანის ციხესთან.


მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში, ჯერჯერობით, მხოლოდ სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენელმა მოინახულა.

მასთან შესვლა ვერ მოახერხეს ადვოკატებმა და პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.