გაძვირდა თუ არა პირბადეები სააფთიაქო ქსელებში

პუბლიკა

ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტსა და გაზრდილი ფასის შესახებ წერენ.

„პუბლიკა“ შეეცადა, გაერკვია არის თუ არა პირბადეების დეფიციტი სააფთიაქო ქსელებში და მოიმატა თუ არა ფასმა.

„პუბლიკა“ ოთხი სააფთიაქო ქსელის კონკრეტულ ფილიალებში მივიდა, რათა გაგვერკვია, რამდენად ხელმისაწვდომია პირბადე და რა ღირს.  „ჯი პი სის“, „ფარმადეპოსა“ და „სახალხო აფთიაქის“ ფილიალებში ხელმისაწვდომია თეთრი ფერის პირბადეები, რომელთა საცალო ფასიც 20 თეთრია. ასევე, გვითხრეს, რომ აღნიშნულ სააფთაქო ქსელებში აქამდეც მხოლოდ ეს ერთი სახის – თეთრი პირბადე იყიდებოდა. „ავერსის“ ფილიალში კი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე პირბადეები არ ჰქონდათ და ქსელის სხვა ფილიალში შეგვეძლო მოგვეკითხა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა აღნიშნული სააფთიაქო ქსელების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებსაც, რომლებიც ფასის მომატებას არ ადასტურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ერთჯერადად, თითო ადამიანზე გასაცემი პირბადის ლიმიტირებული რაოდენობა აქვთ დაწესებული.

„პე ეს პეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე პირბადეების დეფიციტი არ აქვთ, თუმცა ნაშთი თანდათანობით მცირდება და „ახლის შეძენა გართულებულია – ჯერჯერობით ვერ ხერხდება“. „პე ეს პეს“ ქსელში დღესდღეობით ხელმისაწვდომია მწვანე ფერის პირბადე, რომელიც 15 თეთრი ღირს. ერთ ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ 50 ცალი.

„ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ პირბადეები ქსელის ყველა აფთიაქში არ არის ხელმისაწვდომი. სადაც დეფიციტი არ არის, იყიდება ცისფერი პირბადეები, რომლებიც 18 თეთრი ღირს.

მათივე განმარტებით, მათი მომწოდებელი არის ჩინეთი და, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ვადაში მოახერხებენ პირბადეების შესყიდვას. „ავერსში“ თითო პირზე მაქსიმუმ 10 პირბადე გაიცემა.

„ჯი პი სის“ სააფთიაქო ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ აფთიაქებში ხელმისაწვდომია თეთრი ფერის პირბადე, რომელიც 20 თეთრი ღირს. მათივე განმარტებით, ბოლო პერიოდში პირბადეზე მოთხოვნა გაზრდილია. იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს დიდი რაოდენობით (ასეულობით) პირბადის ყიდვა სურდა, სწორედ იმის გამო, რომ დღის განმავლობაში აფთიაქში მსგავსმა შემთხვევებმა არ შექმნას დეფიციტი, ქსელში მოქმედებს ლიმიტი – ერთ ადამიანს, ერთი სააფთიაქო სქელიდან მაქსიმუმ 20 პირბადის ყიდვა შეუძლია.

პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკატაძის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა: „ ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“.

სპეციალისტების რეკომენდაციით: პირბადის ტარება მიზანშეწონილია, როდესაც ავად ხართ, როდესაც დაავადებულ ადამიანს უახლოვდებით 2 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, როდესაც მიდიხართ ექიმთან სადაც ბევრი ინფიცირებული პაციენტი შეიძლება იყოს. მეტი ეფექტიანობისთვის, პირბადე სწორად უნდა გაიკეთოთ – ის სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. პირბადე უნდა იცვალოთ ხშირად, მინიმუმ ორ საათში ერთხელ. ერთი და იგივე პირბადე არ უნდა გამოიყენოთ რამდენჯერმე, გამოყენების მერე უნდა გადააგდოთ ნაგვის ურნაში და დაიბანოთ ხელები საპნით.