EU და გაეროს წევრი 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე

პუბლიკა

ევროკავშირი და გაერო-ს წევრი 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთობლივი განცხადებით გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებასა და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარებს.

განცხადებასგაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაავრცელა, უერთდება შემდეგი ქვეყნები:

უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი.

განცხადებაში ნათქვამია:

„23-24 მაისის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა უკრაინაზე, რა დროსაც გამოიყენეს ასობით საჰაერო იარაღი, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ისევე როგორც უპილოტო საფრენი აპარატები. ქალაქ კიევისთვის ეს იყო დღემდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა. სერიოზულად დაზარალდა უკრაინის მრავალი სხვა რეგიონიც. უკრაინის მასშტაბით უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციამ ქალაქ ბილა ცერკვაზე დარტყმა განახორციელა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“, რომელიც სპეციალურად ბირთვული ქობინების გადასატანად არის შექმნილი. რუსეთის მიერ ბირთვული პოტენციალის მქონე რაკეტების განმეორებითი გამოყენება წარმოადგენს მიუღებელ ესკალაციას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ესკალაციურ თავდასხმებს. თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ასევე ხაზს ვუსვამთ კონკრეტული ჰუმანიტარული ზომების გატარების გადაუდებელ აუცილებლობას, მათ შორის სამხედრო ტყვეების სრულ გაცვლას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებას და ყველა იმ ინტერნირებული პირისა და მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო დაბრუნებას, რომლებიც იძულებით გადააადგილეს ან დეპორტირებულ იქნენ, მათ შორის ათასობით უკრაინელი ბავშვისა. ეს ნაბიჯები წარმოადგენს ნდობის აღდგენის აუცილებელ ზომებს მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლისთვის.

რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უწყვეტ დარღვევას და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ისევე როგორც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და უზრუნველყოს თავისი ყველა ძალისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიმართ. ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილების უკანონო ანექსიის მცდელობა საერთაშორისო სამართლის თანახმად ბათილია და არ გააჩნია იურიდიული ძალა.

ჩვენ მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მუდმივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ამ ომის დასასრულებლად.

ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, მივაღწიოთ უკრაინისთვის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, გაეროს წესდების შესაბამისად, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით.

ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის ბოლოდროინდელ მუქარებს კიევში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საელჩოების მიმართ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით“.