გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი – შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს. ის ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს.
პოლოლიკაშვილი აღნიშნულ პოსტს ორი ვადით იკავებდა.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
„„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – ასე გამოეხმაურა პოლოლიკაშვილი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას.
ინფორმაცია, რომ საქართველო გაიწვევს ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას და მის ნაცვლად მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, თავდაპირველად The Diplomat-მა გაავრცელა. The Diplomat-ის მიხედვით, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.