გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისა და ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედი და მომავალი წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და უკან წაიღოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

ამის შესახებ განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ გააკეთეს გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – ავსტრიისა და პორტუგალიის წარმომადგენლებმა.

სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს.

„18 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკაზე გადადიოდა. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით.

ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე ვგმობთ, გაეროს წესდების დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკ შეჭრას და განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებასა და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან გაწვევისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.

ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ იმ სახელმწიფოებს, რომელთაც აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა, მიბაძონ ნაურუს და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებსა და საქართველოს ორი რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას, მავთულხლართების აღმართვას, ასევე რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის უკანონო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირების დამყარებას.

ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და პასუხისგებაში მიეცნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ქვეყნები იხსენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს, ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე და სხვა.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები. ასევე ხაზს ვუსვამთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერების გაცემას საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის. კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, გაიყვანოს თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და ასევე ვალდებულებებს, დაუშვას შეუფერხებელი წვდომა ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებისთვის, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის აუცილებლობა და მათთვის უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის მნიშვნელობა.

განცხადების თანახმად, ქვეყნები რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი და მხარს უჭერენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების გაგრძელებას, ხოლო გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ განახლების მოწოდებით გამოდიან.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18 წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.