რუსებს ბანკებიდან მილარდობით დოლარის ფული გააქვთ იმის შიშით, რომ კრემლი მათ კონფისკაციას მოახდენს - WP

პუბლიკა

„იმის შიშით, რომ ომის დასაფინანსებლად კრემლმა შეიძლება მათი დეპოზიტების კონფისკაცია დაიწყოს, რუსეთის მოქალაქეებს ბანკებიდან მილიარდობით დოლარი გააქვთ“, – წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post, რომელიც რუსულ საბანკო სექტორში არსებულ პრობლემებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში ნაღდი ფულის სარეკორდო გადინება ფიქსირდება. აგვისტოს პირველ ორ კვირაში დაფიქსირდა თითქმის 3.4 მილიარდი დოლარის (286.4 მილიარდი რუბლი) გადინება, რასაც წინ უძღოდა ივლისში გატანილი 7.3 მილიარდი აშშ დოლარი და 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი გატანილი ნაღდი ფული ივნისში.

„რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის, „სბერბანკის“ მაღალჩინოსნის, ტარას სკვორცოვის ვარაუდით, მიმდინარე წელს სისტემიდან გატანილი თანხების საერთო მოცულობამ შესაძლოა თითქმის ორჯერ გადააჭარბოს იმ მაჩვენებელს, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს დაფიქსირდა.

სკვორცოვისა და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, კაპიტალის მსგავსი გადინება ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემებს უქმნის. ეს კიდევ უფრო მეტად აწვება ისედაც გადატვირთულ საფინანსო სექტორს, რომელიც სამხედრო წარმოების წასახალისებლად მთავრობის მითითებით გაცემული სესხების გამო უიმედო ვალების ტვირთს ატარებს. 

როგორც ანონიმურობის პირობით ფინანსთა ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ირგვლივ ყველაფერი იწვის, ნერვიულობა იზრდება და ადამიანებში ყოფითი ინსტინქტები იღვიძებს – ისინი ხვდებიან, რომ ფული ბალიშის ქვეშ უნდა შეინახონ და არა ბანკებში, საიდანაც შეიძლება აღარც არასდროს დაუბრუნდეთ. 

მისივე თქმით, ზოგიერთი ბანკისთვის ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან მსგავს სცენარს არ ელოდნენ და მთელი ნაღდი ფული სხვა მიმართულებით დააბანდეს, ახლა კი ხალხი მიდის და თვეში ნახევარი ტრილიონი რუბლი გააქვს“, – წერს The Washington Post.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მრჩეველი, ალექსანდრა პროკოპენკო კი გამოცემასთან ამბობს, რომ რუსები როგორც ჩანს ფიქრობენ, მთავრობა შესაძლოა, დეპოზიტების ნაციონალიზაციამდე მივიდეს. პროკოპენკო მსგავს სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ თანხის გატანაზე გარკვეული ლიმიტები დააწესოს.

The Washington Post-ის მიხედვით, წელს უკვე იმაზე მეტი თანხის გადინება მოხდა, ვიდრე ომის პირველ წელს, როცა უკრაინაში შეჭრიდან პირველ ორ კვირაში სისტემიდან 23 მილიარდი დოლარი გავიდა. მაშინ ბანკები კოლაფსის პირას აღმოჩნდნენ და მთავრობას კაპიტალის კონტროლისთვის მკაცრი ზომების მიღება და და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა მოუწია.

დღეს კი, აქტივების შესაძლო კონფისკაციასთან დაკავშირებული შფოთვის ზრდასთან ერთად, მსხვილი ბიზნესიც ცდილობს, ფინანსები მარეგულირებლებისგან შორს გადაიტანოს.

„თანხების მასობრივმა გამოტანამ უკვე შეაფერხა მთავრობის ძალისხმევა, ომი სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით დაეფინანსებინა. გასულ თვეში ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა, დაგეგმილი ემისია გაეუქმებინა. არადა, სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკისა და მზარდი სამხედრო ხარჯების ფონზე, ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტის შესავსებად სახელმწიფო ობლიგაციებზე სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული“, – წერს გამოცემა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის მკვლევარი, კრეიგ კენედი გამოცემასთან ამბობს, რომ ეს რუსეთისთვის კარგი ნიშანი არაა, რადგან, როგორც წესი, დიდ სახელმწიფოებს ომის შუაგულში სახაზინო ობლიგაციებთან დაკავშირებული მსგავსი უწყვეტი ჩავარდნები არ აქვთ.

კენედი დასძენს, რომ რუსულ ბანკებს იმდენად ბევრი არასიცოცხლისუნარიანი მსესხებელი დაუგროვდათ, არ იციან, როგორ ან როდის მოხდება ამ ვალების რესტრუქტურიზაცია და თავად რა ზარალის ატანა მოუწევთ.

როგორც The Washington Post წერს, ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად საზოგადოების შფოთვა საზოგადოებრივი შფოთვა განსაკუთრებით გაზაფხულიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსულ ნავთობობიექტებზე დრონებით თავდასხმები გააფართოვა. ამან ქვეყნის გადამამუშავებელი სიმძლავრეების 30%-ზე მეტი მწყობრიდან გამოიყვანა და 90-იანი წლების შემდეგ, საწვავის ყველაზე მასშტაბური კრიზისი გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, ივნისში ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება შეეზღუდა იმის შიშით, რომ საწვავზე ფასების ზრდას ინფლაცია არ გამოეწვია.

ობლიგაციების ბაზარზე გავრცელებულმა პანიკამ კი 10-წლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთები 17 პროცენტამდე აწია და ფინანსთა სამინისტროს შემდგომი ემისიების გადადება აიძულა. 

„მაშინ, როცა იანვრიდან ივლისის ჩათვლით ბიუჯეტის დეფიციტი უკვე 6.46 ტრილიონ რუბლს (76.1 მილიარდი დოლარი) შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება მთელი წლისთვის ნავარაუდევ 3.8 ტრილიონს, იზრდება იმის შიში, რომ კრემლი ომის დასაფინანსებლად მსხვილი ბიზნესის შემოსავლებს მიითვისებს. 

ერთ-ერთი რუსი მილიარდერის პარტნიორის განცხადებით, თუ მთავრობას ნაღდი ფული დასჭირდება, პუტინი უბრალოდ წაიღებს აქტივებს და ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი კი აღნიშნავს, რომ ჩნდება პოლიტიკური ძალაუფლების არასტაბილურობის განცდა და ეს ისეთი პერიოდია, როდესაც სჯობს საერთოდ არ ჩანდე.

რუსი პროკურორების მონაცემებით, ნაციონალიზაციის კამპანიის ფარგლებში რუსი მილიარდერების არაერთი ბიზნესი უკვე მოექცა მთავრობის სამიზნეში, რის შედეგადაც მხოლოდ გასულ წელს სახელმწიფოს სასარგებლოდ 51.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების კონფისკაცია განხორციელდა“, – წერს The Washington Post.

გამოცემა წერს, რომ ივნისში რუსეთის სახელმწიფომ 7.6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების კონფისკაცია მოახდინა, რომლებიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის, „როსაგროს“ დამფუძნებელს, ვადიმ მოშკოვიჩს უკავშირდებოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მილიარდერი დააკავეს და მსხვილმასშტაბიანი თაღლითობის ბრალდება წაუყენეს.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს რუსეთში აქტივების ჩამორთმევის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო. მოშკოვიჩის გარდა, აქტივები ჩამოართვეს დიმიტრი კამენშჩიკს, რომელიც მანამდე მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტს ფლობდა და კონსტანტინე სტრუკოვს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ოქროს მაღაროს აკონტროლებდა.

„ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ კრემლის მცდელობა, საბანკო დაკრედიტება სრულად სამხედრო წარმოების გაზრდისკენ მიმართოს, სამოქალაქო ეკონომიკას ახრჩობს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, როდესაც მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია ბანკებსა და კომპანიებს არასამხედრო სექტორებში ინვესტირებისთვის მცირე რესურსს უტოვებს.

2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერდა — მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 0.3 პროცენტამდე დაეცა, მაშინ როცა 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, ამ ეტაპზე, ტრამპის ადმინისტრაციის ომმა ირანთან ნავთობზე ფასები კვლავ გაზარდა, რამაც კრემლს საბიუჯეტო წნეხისგან ნაწილობრივი შვება მისცა.

გლობალურ ბაზარზე ნავთობზე ფასების მატების პარალელურად, ივლისში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, რუსეთის სახელმწიფოს შემოსავლები ნავთობისა და გაზის სექტორიდან 60%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ეს მონაცემი წინა წლის შესაბამის მონაკვეთთან შედარებით კვლავ 11%-თაა შემცირებული“, – წერს The Washington Post.