ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა. გუნდმა გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო.
მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. მსაჯის მიერ თამაშის დასაწყებად სასტვენის შემდეგ „ლანჩხუთის“ კაპიტანმა ბურთი აიღო და თანაგუნდელებთან ერთად საპროტესტო ბანერი გაშალა წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
შედეგად შეხვედრა ჩაიშალა.
ქსკ „ლანჩხუთმა“ მალევე გამოაქვეყნა პოსტი Facebook-ზე. პროტესტის მიზეზად „ნიკე ლუსოსთან“ დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები და კლუბის ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე დაასახელა.
„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული“, – წერს „ლანჩხუთი“ განცხადებაში.
„სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე („ნიკე-ლუსო“) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის, რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – წერს ქსკ „ლანჩხუთი“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.
20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
უიარი საქმეზე დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ფეხბურთელის დაცვის მხარე აპირებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს.
მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელიც მოგვიანებით „ნიკე ლუსო“ გახდა, 2024 წელს შეიძინა.
რაც შეეხება გასახდელში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს – აუდიტის სამსახურმა შპს „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც ქალ ფეხბურთელთა გასახდელებში ვიდეოკამერები აღმოაჩინეს.