ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ემიგრაციაში მყოფმა ჟურნალისტებმა სტრასბურგში პანევროპული კონგრესი გამართეს. მათ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, მეტი ყურადღება მიაქციოს აზერბაიჯანში პოლიტიკურ რეპრესიებს და ხელისუფლების მიერ დაკავებული ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებას.
აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილებისა და ემიგრაციაში მყოფი მედიის პირველი პანევროპული კონგრესი სტრასბურგში 26 სექტემბერს გაიმართა.
მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ინვესტორებსა და მედიას მიემართება. დოკუმენტში აზერბაიჯანის ხელისუფლება პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატურ შეზღუდვაშია დადანაშაულებული. კონგრესის მონაწილეებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, უფრო აქტიურად ჩაერთოს აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებში.
დასავლეთისადმი მიმართვაში კონგრესმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები „ფაქტობრივად ჩამოშლილია“ და მათი არსებობა მხოლოდ კანონმდებლობასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებში ფორმალურად არის შენარჩუნებული.
კონგრესის ერთ-ერთმა მონაწილემ, ასიმკომის საბჭოს წევრმა და გაზეთ „აზადლიგის“ მთავარმა რედაქტორმა რაჰიმ ჰაჯიევმა OC Media-ს განუცხადა, რომ კონგრესის მასშტაბი უპრეცედენტო იყო.
„აზერბაიჯანში ავტორიტარული რეჟიმი ახლა უკვე დიქტატურის ეტაპზე გადავიდა. აზერბაიჯანს ძალიან შემაშფოთებელი მომავალი ელის. ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. აზერბაიჯანში სახელმწიფო ძალაუფლება ოჯახურმა მმართველობამ ჩაანაცვლა. ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასამყარებლად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს“, – განაცხადა ჰაჯიევმა.
„ჩვენ გვინდა, გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა, რათა გავლენა მოვახდინოთ აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე. გვინდა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს“, – დასძინა მან.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჩამოერთვათ შესაძლებლობა, ნორმალურად განახორციელონ საქმიანობა, გამართონ საჯარო ღონისძიებები, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ არჩევნებში და საზოგადოებას საკუთარი პოზიციები გააცნონ. დოკუმენტის თანახმად, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაიშალა ან იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ხოლო დამოუკიდებელი მედია ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის გამოც არაერთ მედიასა და ჟურნალისტს საქმიანობის გაგრძელება საზღვარგარეთიდან უწევს.
კონგრესის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების რაოდენობა 350-ს აღემატება. მათი თქმით, მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აკადემიური სფეროს წევრები, რელიგიური აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და კომენტარების გამო დევნას დაექვემდებარნენ.
კონგრესის გამართვამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სამმა სენატორებმა: პიტერ უელჩმა, თომ ტილისმა და ტიმ კეინმა თეთრ სახლს მოუწოდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან 300-ზე მეტი დაკავებული ჟურნალისტის, პოლიტიკოსისა და აქტივისტის გათავისუფლება მოითხოვოს. მათი განცხადებით, დაკავებულთა გათავისუფლება ბაქოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განვითარებისთვის წინაპირობა უნდა იყოს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.