როგორ აფასებს საია ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვაზე გახარიას სისხლის სამართლის საქმეს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს. ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში გასათვალისწინებელია ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები.

საიას განცხადების მიხედვით, 2019 წელს ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ არსებობდა „ბორდერიზაციის“ კონკრეტული ნიშნები – ხეებზე მონიშვნები, უკანონო პატრულირებისთვის ბილიკების გაკაფვა და დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ გარემოებებს სუს-ის ანგარიშები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ დაფიქსირებული ფაქტები და სხვა საჯარო ინფორმაცია ადასტურებდა.

ამიტომ, ორგანიზაციის აზრით, საგუშაგოს განთავსება ავტომატურად არ შეიძლება შეფასდეს როგორც საოკუპაციო ძალის პროვოცირება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობდა არგუმენტები, რომ გადაწყვეტილება მიზნად მცოცავი ოკუპაციის შეკავებას, მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ტერიტორიის ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

საქმეში ბრალდების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ გახარიამ გადაწყვეტილება სუს-თან, EUMM-თან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად მიიღო. საია მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სრულფასოვან შემოწმებას საჭიროებს.

ორგანიზაციის შეფასებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები მიუთითებს, რომ ჩორჩანაში არსებული ვითარება და „ბორდერიზაციის“ რისკები 2019 წლის დასაწყისიდან განიხილებოდა IPRM-ის შეხვედრებზე, ხოლო ადგილზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ როგორც სუს-სა და EUMM-ს, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამასთან, საია აღნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა და არა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ხოლო კანონმდებლობა ცალსახად არ ავალდებულებდა შინაგან საქმეთა მინისტრს, პოლიციური საგუშაგოს მოწყობის საკითხი საბჭოს ფორმატში განეხილა.

საია განსაკუთრებით უსვამს ხაზს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის აუცილებლობას.

ორგანიზაციის შეფასებით, თუნდაც სასამართლომ სადავო გადაწყვეტილება არასათანადოდ კოორდინირებულად ან პოლიტიკურად მცდარად მიიჩნიოს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობას. ბრალდებამ უნდა დაასაბუთოს უფლებამოსილების აშკარა გადამეტება, არსებითი ზიანი, შესაბამისი განზრახვა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვაა, როგორ შეიძლება საოკუპაციო ძალების შემდგომი მოქმედებები — მათ შორის ახალი საგუშაგოების აღმართვა და საოკუპაციო ხაზის გადაადგილება — პირდაპირ დაუკავშირდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციური ინფრასტრუქტურის განთავსებას. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დე ფაქტო რეჟიმის ტერიტორიული ექსპანსიის განზრახვა მანამდეც არსებობდა.

საია პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ გახარიას ბრალი 2019 წლის მოვლენებიდან დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ წარედგინა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პერიოდში გახარიამ ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, შემდეგ კი მაღალი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, თუმცა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისი ქმედების დაუყოვნებლივ სამართლებრივი შეფასება არ მოუხდენიათ.

ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც გახარია მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეყო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა. საია ამბობს, რომ ეს გარემოება დევნის რეალურ მიზნებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

ორგანიზაცია პრობლემურად აფასებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასაც. განცხადების თანახმად, სათანადოდ არ იყო დასაბუთებული კომისიის შექმნის საჭიროება და საგამოძიებო ფარგლები; განმარტებით ბარათში არ იყო დაკონკრეტებული გამოსაკვლევი საკითხები, მოწმეები და დოკუმენტები, ხოლო კომისიაში რეალური საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა უზრუნველყოფილი არ ყოფილა.

ამ ფონზე, საია მიიჩნევს, რომ კომისიის დასკვნის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლად გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან არსებობს რისკი, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცეს.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს დაცვის უფლებისა და მხარეთა თანასწორობის პრობლემებზე. მისი შეფასებით, დაცვის მხარეს სახელმწიფო უწყებებისგან საქმისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოპოვება გაუჭირდა, ხოლო სასამართლომ შესაბამისი მასალების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საია ასევე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს გიორგი გახარია არ გამოუკითხავს და დაცვის მოთხოვნა გრიგოლ ლილუაშვილის გამოკითხვის შესახებაც არ დაუკმაყოფილებია.

საიას შეფასებით, დამატებით პრობლემას ქმნის ბრალდების მხარის მოთხოვნა წინასასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივებაზე იმ მიზნით, რომ დამატებითი, ჯერ კიდევ გაურკვეველი მტკიცებულებები მოიპოვოს.

საია სვამს კითხვას: თუ გამოძიებას ექვსი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ბრალის დასადასტურებლად აუცილებელი მტკიცებულებები და მათი მოპოვება ბრალის წარდგენის შემდეგაც გახდა საჭირო, რამდენად არსებობდა დევნის დაწყების მომენტში საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გასამყარებლად იყენებს. ორგანიზაციის მიხედვით, დე ფაქტო წარმომადგენლებმა ჩორჩანის/წნელისის საგუშაგოს საკითხზე გახარიას წინააღმდეგ დაწყებული დევნა „პოზიტიურ ძვრად“ შეაფასეს.

საიას აზრით, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასოს, ხომ არ ქმნის ბრალდების ნარატივი ისეთ პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მიღება შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად იქცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საოკუპაციო ძალისთვის მიუღებელია.

საია საქმეს საქართველოში არსებული დემოკრატიული და მართლმსაჯულების კრიზისის უფრო ფართო კონტექსტშიც განიხილავს და მიუთითებს ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე დევნებზე, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივებზე, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასა და სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ორგანიზაციის შეფასებით, ეს გარემოებები უნდა შეფასდეს დევნის დროის, შერჩევითობის, ბრალდების დასაბუთებისა და სავარაუდო საპროცესო დარღვევების ერთობლიობაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობდა თუ არა უფლებამოსილების აშკარა და არსებითი გადამეტება, დანაშაულებრივი განზრახვა, კონკრეტული და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირით დამდგარი არსებითი ზიანი და სისხლისსამართლებრივი დევნის აუცილებლობა და პროპორციულობა.

ორგანიზაციის პოზიციით, ამ კითხვებზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხის გარეშე საქმე პოლიტიკური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებს ვერ გასცდება და მისი სისხლისსამართლებრივი შეფასება დაუშვებელი იქნება.