გაეროს წესებით მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩართვა - კილაძე ნინოწმინდის პანსიონზე

პუბლიკა

„მე გაეროს წესებით მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ან ირიბად ჩართვა, რათა არ დაირღვეს ნეიტრალურობის პრინციპი. მათ შორის კომენტარების გაკეთება ნიშნავს ირიბად ჩართვას, რომელიც საქართველოს ეხება. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც გადაწყვეტილების ირგვლივ არის, კომიტეტის წევრები უნდა  ვიყოთ აბსოლუტურად ნეიტრალურები”, – ასე უპასუხა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრმა, სოფო კილაძე „ფორმულას“ კითხვას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.