გაფრინდაშვილი: წინა ხელისუფლების პირობებში არჩევნებზე დაშინება და რეპრესია ბევრად ბრუტალური იყო

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ეკა ხერხეულიძემ საკომიტეტო მოსმენაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, ლელა გაფრინდაშვილს კითხვა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ დაუსვა.

ხერხეულიძე: თქვენ, როგორც ამ მოვლენების თვალყურის მადევნებელი ადამიანი რატომ ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია?

გაფრინდაშვილი: მე ყველა არჩევნებს დამოუკიდებლად ვაკვირდები. ადრე ჩავდივარ რეგიონში, ერთი კვირით ადრე. ვაკვირდები განწყობებს, ხალხს ვესაუბრები. რა ხდება? როგორ ხდება? წინასაარჩევნო გარემო როგორია. სრულიად გულწრფელად გეუბნებით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში (იმედი მაქვს, არ ჩამითვლით გადახრად) ბევრად ბრუტალური იყო დაშინებები და ადამიანებზე ზემოქმედებაც, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ადამიანს შეიძლება დაშინება არ დასჭირდეს და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა, როცა სამსახურის დაკარგვის საფრთხეა. ვიცი ეს შემთხვევები და ამიტომ მინდა, ვიყო გულწრფელი, ეს ჩემი პერსონალური გამოცდილებაა. თქვენ დიდი ხსნის განმავლობაში ხართ პოლიტიკური პროცესის მონაწილე. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით გულწრფელად, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ეს დაშინება და რეპრესია იყო ბევრად ბრუტალური.

ხერხეულიძე: მე წინა ხელისუფლების პერიოდში, არჩევნების დროს მსხვერპლი არ მახსოვს. მაპატიეთ ჩემი მეხსიერებისთვის, მაგრამ მე არ მახსოვს. (ეკა ხერხეულიძე ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს გულისხმობს)

გაფრინდაშვილი: არის ხალხი, ვისაც ახსოვს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, ვერ დავასახლებ, მაგრამ ვიცი, რომ არსებობდა.