გაღარიბებული სამაუწყებლო ბადე და პოლიტიკური მოტივაცია აჭარის ტელევიზიაში - განცხადება

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს.

გაერთიანების წევრი ჟურნალისტების თქმით, 23 მარტიდან აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე, რადიკალურად შეიცვალა. გადაცემათა სრული უმრავლესობა შეჩერდა განუსაზღვრელი ვადით.

„ამგვარი ქცევის ოფიციალურ მოტივად კორონავირუსის პანდემია და შესაბამისად, დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა დასახელდა [თუმცა, გამოვთქვამთ გონივრულ ეჭვს სხვა მოტივების არსებობის შესახებ და ამაზე განცხადების ქვედა ნაწილში მოგახსენებთ].

მიუხედავად იმისა რომ სრულად ვაცნობიერებდით არსებული ვითარების სერიოზულობას, იმთავითვე გამოითქვა მზაობა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ. შეჩერებულ გადაცემათა დიდ ნაწილს [თუ ყველას არა] ხელეწიფებოდა ფორმატის მოდიფიცირება და მაყურებლისთვის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილებით შემოქმედებით გადაცემებს შორის #ჰეშთეგი გამოირჩეოდა. ჰეშთეგის გუნდის სახელით შესაბამისი განცხადება/მიმართვა 23 მარტსვე გავრცელდა, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზადყოფნა სახეცვლილი ფორმით ეთერში დარჩენის თაობაზე [სამწუხაროდ, მოსალოდნელი შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა]“, – ნათქვამია განცხადებაში.

2 მარტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის სახელით მენეჯმენტს ჩაბარდა საგაფიცვო დოკუმენტი, რომლის უმთავრეს მოთხოვნებს სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მექანიზმების შემუშავება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და იმ მოცემულობის აღდგენა იყო, რომელიც საშტატო ნუსხაში ცვლილების დამტკიცებამდე მოქმედებდა [მაია მერკვილაძე უნდა დაბრუნებოდა მთავარი გამოშვების რედაქტორის/სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო შორენა ღლონტი – ახალი ამბების სამსახურის უფროსის პოზიციას].

„საგაფიცვო დოკუმენტის შემუშავება-ჩაბარება ნიშნავს მენეჯმენტთან კოლექტიური დავის დაწყებას, ხოლო დოკუმენტის ჩაბარებიდან 21 დღის შემდეგ, დასაქმებულებს გაფიცვის უფლება ავტომატურად წარმოეშვებათ; შესაბამისად, გაფიცვის უფლება 23 მარტს წარმოიშვა [ზუსტად ამ დღიდან გააჩერეს გადაცემათა სრული უმეტესობა], თუმცა, მანამ, ქვეყანაში არსებული კრიზის ფონზე დასაქმებულებმა თავადვე თქვეს [დროებითი] უარი ამ უფლების გამოყენებაზე და დაელოდნენ მედიაციის პროცესს.

მედიაციის პროცესი თავის მხრივ ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად მედიატორის დანიშვნას. მას შემდეგ რაც მედიატორთან ინდივიდუალური დისტანციური კომუნიკაცია შედგა და დაიწყო ერთობლივი შეხვედრის სამზადისი, მაუწყებლის დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობაზე. მისი მხრიდან, უარის მოტივად საგაფიცვო მოთხოვნების არარელევანტურობა დასახელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიულ პროფესიულ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ დირექტორის მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აცდენილია მაუწყებლის ინტერესების დაცვას.

ისინი მიიჩნევენ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე უკიდურესად გაღარიბდა.

„ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, როგორშიც ქვეყანა ახლა იმყოფება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარად ორგანიზებული საეთერო ბადე, აღვივებს მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას. ზუსტად ახლა არსებობს იმის ისტორიული შანსი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, მთელი თავისი ძალისხმევა და სახალხო ფინანსები მიმართოს ხალხისვე საკეთილდღეოდ, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები არათუ განამტკიცოს საკუთარ დამოკიდებულებებში, არამედ – დაარწმუნოს საწინაღმდეგოში“, – ამბობენ გაერთიანებაში.

ისინი მიმართავენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს:

ა) უზრუნველყონ საეთერო ბადეში იმ შეჩერებული გადაცემების აღდგენა [მოდიფიცირებული ფორმატით], რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს და – ბ) მისცენ დასაქმებულებს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა [უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის ფონზე].

„ისე, როგორც არასდროს – საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ზრუნავდეს ერთი მხრივ – მოქალაქეთა ინფორმირებაზე, ხოლო მეორე მხრივ – მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსავლის გზების ძიებაზე. კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ იმ შემთხვევაში თუ შეჩერებული გადაცემები დაუბრუნდება სატელევიზიო ეთერს საგანგებო ვითარების ფონზე, ისინი არ იქნება გამოყენებული საგაფიცვო მიზნებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.