გაიმართება სიმბოლური აქციები - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადება

პუბლიკა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მუდმივ და კოორდინირებულ კავშირში იქნება საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ასევე გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად შეახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას.

„საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი და ჩვენი ოჯახის მეგობარი გიორგი კეკელიძე. ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა, ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით.

ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებს ან დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად; მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები.

დღეს, შვიდ საათზე წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან მწერლები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები. ამას გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავმართოთ აქცია-პერფორმანსი „ჩვენი სიფხიზლისთვის“. 29 დეკემბერს საქართველოსა და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმება.  7  საათზე ყველა ქალაქსა და სოფელში, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, უბრალოდ დაასიგნალეთ საკუთარი ავტომობილიდან“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა.


საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს გაიმართა. ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ექიმს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში თვეზე მეტია, რაც იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავა. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა.