გაიწერება უცხოური გავლენის აგენტის ცნება – „ხალხის ძალა“ კანონპროექტზე მუშაობას ასრულებს

პუბლიკა

„ხალხის ძალის“ განცხადებით, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა სრულდება და მას პარლამენტში იანვარში დააინიციირებენ.

მისივე თქმით, კანონპროექტით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი და კანონით განისაზღვრება უცხოური გავლენის აგენტის ცნება.

„საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რომ ვიწყებდით მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ების საქმიანობას შეეხებოდა.

საზოგადოებას ისიც ვაცნობეთ, რომ შესაბამისი კანონპროექტი მომზადდებოდა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით,

გვინდა, გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებას მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიციირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.

კანონპროექტში ასევე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-ს ან სხვა სუბიექტისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.

შემოღებულ იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება, და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ”, – განაცხადა მოძრაობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომელიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს.