„NGO-ები მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში“ - რა რისკებს აჩვენებს უცხოური გამოცდილება

ბასტი მგალობლიშვილი

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ლიდერებმა 18 ნოემბერს განაცხადეს, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის „ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“, ამიტომ „ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს“. მათივე განცხადებით, „ხალხის ძალა“„წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად“ უახლოეს მომავალში  მოამზადებს.

რომელი ქვეყნები იგულისხმება „დასავლურ პრაქტიკაში“? – საინტერესოა, რომ „ფრანკფურტის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, უცხოურ დაფინანსებაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვა 58 ქვეყანაში მოქმედებს. აქედან უმრავლესობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებია, დასავლეთის ქვეყნებიდან კი: ავსტრია, ბელორუსი, ირლანდია, რუსეთი და უნგრეთი – ამ უკანასკნელის შემთხვევაში ევროკომისიამ საქმე ევროპულ სასამართლოს გადასცა, ევროპარლამენტმა კი უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, შეესწავლა, არღვევდა თუ არა უნგრეთი ევროკავშირის პრინციპებს, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი, დისციპლინური ზომებისთვის მიემართათ. 2022 წლის სექტემბერში ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი აღარ მიიჩნევა „სრულად დემოკრატიულ ქვეყნად“.

21 ნოემბერს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დავით ქართველიშვილმა „პოს ტივის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოძრაობა კანონპროექტს აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონის ანალოგისამებრ მოამზადებს.

ქართველიშვილის ამ განცხადებამ კიდევ უფრო მჭიდრო ასოციაცია გააჩინა რუსეთში მოქმედ კანონებთან, რადგან რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებისას აღნიშნეს, რომ ახალი კანონი ეფუძნებოდა სწორედ ამერიკის უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს (FARA), რომელიც 1938 წელს მიიღეს.

ფრანკლინ რუზველტის მიერ ხელმოწერილი აქტი ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო დივერსიული საქმიანობის სისხლისსამართლებრივ დევნაზე; შემდგომი რედაქციებით კი აღსრულება, ძირითადად, გადავიდა სამოქალაქო ჯარიმებზე.

კანონების მსგავსებას ქაღალდზე მნიშვნელობა არ აქვს, პრაქტიკაში ისინი განსხვავებულად მოქმედებენ. რუსეთი აქტიურად ახორციელებდა თავის კანონს და იყენებდა მას, როგორც პოლიტიკურ იარაღს, რათა დაეხურა შიდა მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ოპოზიციური შეხედულებები აქვთ ან მჭიდრო კავშირშია 2011 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციებთან. კანონის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების „მნიშვნელოვანი“ რაოდენობა დაიხურა“, – წერს თავის ნაშრომში ამერიკელი სამართლის სპეციალისტი და მკვლევარი, მარკ რიბო.

რიბო 2021 წლის ნაშრომში ასევე აღნიშნავს, რომ „რუსეთისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე აშშ-ის მთავრობას, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ეს აქტი არსებობდა. 1966-დან 2015 წლამდე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ შვიდი საქმე აღძრა FARA-ს ფარგლებში, რომელთაგან ორი სასამართლომ არ დააკმაყოფილა“. მკვლევარი აღნიშნავს, რომ 1974-2014 წლებში, სულ მცირე, 6-მა საზედამხედველო და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიუთითა კანონის სისტემურ გამოუყენებლობაზე.

იმ 50-ზე მეტი ქვეყნიდან, სადაც უცხოურ დაფინანსებაზე სხვადასხვაგვარი შეზღუდვა მოქმედებს, „პუბლიკამ“ საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მოუყარა თავი:

„იარაღი კრიტიკული აზრის ჩასახშობად“ – რუსეთის მაგალითი

რუსეთში 2012 წლის ივლისში მიიღეს კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე, „პოლიტიკურ აქტივობებში“ ჩართულ ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს. აღნუსხვას ადმინისტრირებას უწევს იუსტიციის სამინისტრო. კანონის 2012 წლის ვერსიაში პოლიტიკური აქტივობა ფართოდ განისაზღვრა, როგორც „მონაწილეობა, მათ შორის დაფინანსების გზით, პოლიტიკური ქმედებების ორგანიზებასა და წარმართვაში, რომლის მიზანიც სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილებებზე, ასევე, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაა“.

2016 წელს ეს განსაზღვრება გაფართოვდა და საზოგადოებრივი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მოიცვა. 2020 წლის ბოლოს „უცხოური აგენტის“ ცნება კვლავ გაფართოვდა. ახალი დეფინიციის თანახმად, „უცხოეთის აგენტი“ შეიძლება იყოს ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანებაც, რომელიც იურიდიულ პირად არ არის რეგისტრირებული. ასევე – ფიზიკური პირები, რომლებიც ფულს საზღვარგარეთიდან იღებენ, ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას ან აგროვებენ სამხედრო ტექნიკურ ინფორმაციას. მათ არ შეუძლიათ სახელმწიფო ან მუნიციპალურ სამსახურში თანამდებობების დაკავება. თუ მედია რომელიმე მათგანს ახსენებს, ისიც უნდა მიუთითონ, რომ „უცხოური აგენტები“ არიან.

პრაქტიკაში, უცხოეთიდან თანხის მიმღები თითქმის ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას ეხება „უცხოელ აგენტთა“ ნუსხაში დარეგისტრირება. მაგალითად, ამ კანონის დარღვევის გამო, დიაბეტით დაავადებულთა მხარდამჭერ ორგანიზაციასაც კი მძიმე ჯარიმა დააკისრეს, რის გამოც ორგანიზაცია 2018 წელს დაიხურა.

მრავალი ორგანიზაცია დაექვემდებარა ინსპექტირებას, მძიმე ჯარიმებს; იღებდნენ მუქარას, უწევდათ სასამართლო სხდომებზე დასწრება. ისინი რთული არჩევანის წინაშე დადგნენ – მიეღოთ უცხოური გრანტები და „უცხოეთის აგენტების“ სახელი ჰქონოდათ ან სახელმწიფო დაფინანსება, რაც ისედაც სათუო იყო და მიღების შემთხვევაში, მათ დამოუკიდებლობასაც საფრთხეს უქადდა. ამ დილემისა და ზეწოლის გამო, რუსეთში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა.

Amnesty International-ის შეფასებით, რუსეთის კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ გადამდები ეფექტი ჰქონდა როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მის გარეთაც. უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით სხვადასხვა კანონი მიიღეს აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ბელორუსში და ა.შ.

გარდა ამისა, რუსეთში მოქმედებს ჰომოფობიური კანონი „გეი პროპაგანდის“ შესახებ, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ასევე, კანონი ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების თანამშრომლების სამართლებრივ დევნასაც, რომლებიც მუშაობენ სექსუალობის, გენდერული იდენტობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. მაგალითად, აქტივისტი ევდოკია რომანოვა მხოლოდ იმის გამო გაასამართლეს, რომ სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ლგბტი საკითხებზე.

2015 წელს მიღებული კანონი „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, უცხოური ან საერთაშორისო ორგანიზაცია „არასასურველად“ გამოაცხადოს, თუკი მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის „კონსტიტუციურ წესრიგს, თავდაცვის პოტენციალს, ან სახელმწიფო უსაფრთხოებას“, რაც ასევე გულისხმობს  „ფერადი რევოლუციების“ ინსპირაციას და რუსეთის „ტრადიციული სულიერი ღირებულებების წინააღმდეგ ქმედებას“. კანონი აწესებს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სასჯელს მათთვის, ვინც ასეთ აქტივობებშია ჩართული. მაგალითად, კანონის მიღებიდან მალევე რუსეთმა არასასურველად მიიჩნია ფონდი „ღია საზოგადოება“, IRI და სხვა.

„პარალიზებული სამოქალაქო საზოგადოება“ – აზერბაიჯანის მაგალითი

2014 წლიდან გამკაცრებული კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო სექტორს არეგულირებს, „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონი“ ორგანიზაციებს წლებია, დაბრკოლებებს უქმნის. აზერბაიჯანში განსაკუთრებით გართულებულია უცხოურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.

აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგისტრაციამდე უნდა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს ავტორიზაცია და დაადასტურონ, რომ პატივს სცემენ აზერბაიჯანის „მორალურ ღირებულებებს“ და რომ არ არიან ჩართულნი „პოლიტიკურ ან რელიგიურ პროპაგანდაში“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციული მდგრადობის ინდექსის ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციის რეგისტრაციის პროცესი რთული და ბიუროკრატიულია. რეგისტრაციას ხშირად თვეები ან წლებიც კი სჭირდება. ასევე, ძნელია უცხოური სამოქალაქო ორგანიზაციების რეგისტრაცია. უცხოურმა ორგანიზაციამ რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება.

უფრო მეტიც, კანონმდებლობა მოითხოვს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც აპირებს უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისის ან ფილიალის ხელმძღვანელობას, მიიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუმცა მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად მოთხოვნები ვრცელია და პრაქტიკაში ხშირად შეუძლებელია, განხორციელდეს.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა თანხის განკარგვამდე იუსტიციის სამინისტროში უნდა დაარეგისტრირონ  უცხოური წყაროებიდან შესული ყველა გრანტი, ასევე შეწირულობა და უცხოური კონტრაქტები. ეს პროცესი არაერთი დოკუმენტის შეგროვებასა და იურისტებთან კონსულტაციას მოითხოვს, ამასთანავე, უცხოურ დონორებს არ სურთ ამ პროცედურებში ჩართვა. შესაბამისად, აზერბაიჯანული ორგანიზაციების მიმართ ინტერესი დაბალია, რესურსების სიმწირის გამო კი, ქვეყანაში უამრავი ორგანიზაცია დაიხურა. სამოქალაქო საზოგადოების წევრები ქვეყანას ტოვებენ.

როგორც აქტივისტები აღნიშნავენ, თუ 2014 წლამდე დაახლოებით 200 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობდა, შემდეგ მხოლოდ მეოთხედმა განაგრძო არსებობა, მათმა დიდმა ნაწილმაც – მხოლოდ ფურცელზე. Amnesty International-ის შეფასებით, აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოება, ფაქტობრივად, პარალიზებულია.

აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები რეგულაციების აუცილებლობას „ქვეყნის უსაფრთხოებით“ ხსნიან.

„დევნა ქვეყნის უსაფრთხოების სახელით“ – ბელარუსის მაგალითი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ 2015 წელს ხელი მოაწერა საპრეზიდენტო ბრძანებულებას უცხოური შეწირულობების შესახებ.

ბელარუსში არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება მოეთხოვებათ და მკაცრ სახელმწიფო ზედამხედველობას ექვემდებარებიან, ხოლო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მუშაობა, რომელთა რეგისტრაციის მოთხოვნაც უარყოფილია (ხშირად თვითნებურად) სისხლის სამართლის დანაშაულია.

კანონი გაერთიანებების შესახებ მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, თვითნებურად თქვას უარი ორგანიზაციების რეგისტრაციაზე, თუნდაც უმნიშვნელო საკითხების გამო. ის კი, ვინც არარეგისტრირებული ორგანიზაციის სახელით მოქმედებს, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. შესაბამისად, სულ უფრო მეტი ბელარუსული ორგანიზაცია რეგისტრირდება საზღვარგარეთ ან, დევნის შიშით, საქმიანობას ხან ნაწილობრივ, ხან სრულად საზღვარგარეთ ეწევა.

ბელორუსიაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ შეწირულობებს „კანონის დარღვევით“ იღებენ, ადმინისტრაციული სახდელი ეკისრებათ. ფიზიკურ პირებს „ბელარუსის კანონის დარღვევით“ მიღებული ნებისმიერი გრანტის ან შეწირულობის მიღების შემთხვევაში სამართლებრივი დევნა ემუქრებათ. პრეზიდენტის 2015 წლის ბრძანებულებამ კიდევ უფრო გაამკაცრა სამთავრობო კონტროლი უცხოურ შეწირულობებზე (რადგან დაწესდა უფრო მკაცრი და ბუნდოვნად ფორმულირებული აკრძალვები უცხოური დახმარების გამოყენებაზე)  და ჰუმანიტარულ საქმეთა დეპარტამენტს მისცა ფართო უფლებამოსილება, რომ ზედამხედველობა გაუწიოს უცხოური დაფინანსების გამოყენებას, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.

ბელორუსიაში სხვადასხვა კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა სახელმწიფო კონტროლი გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე, განსაკუთრებით დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე. 2011 წლიდან კანონი გაერთიანებების შესახებ ასოციაციებს აკრძალავს თანხის შენახვას საზღვარგარეთის ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებში. ეს შეზღუდვა ეხება გაერთიანებებს, მაგრამ არა ფიზიკურ პირებს, კომერციულ საწარმოებს, ფონდებსა თუ ინსტიტუტებს.

2011 წელს ეს კანონი გამოიყენეს ადამიანის უფლებათა ცენტრ „ვიასნას“ თავმჯდომარის, ალეს ბიალიაცკის წინააღმდეგ, რომელიც დააკავეს „მსხვილი მასშტაბით შემოსავლის დამალვის“ ბრალდებით  და მიუსაჯეს ოთხ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა. აქტივისტს ჩამოართვეს ქონება, „მათ შორის სხვა პირების სახელზე რეგისტრირებული ნივთები“ და დააკისრეს 82 700 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით თანხა სავარაუდო გადაუხდელი გადასახადებისთვის და 4 100 დოლარი სახელმწიფო ხარჯისთვის.

Amnesty International-ის შეფასებით, ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მისი, როგორც უფლებადამცველის ლეგიტიმური მუშაობის შეფერხებას ისახავდა მიზნად. „იგი გაასამართლეს სრულიად უსამართლო სასამართლო პროცესით, რომელიც არ აკმაყოფილებდა სამართლიანობის საერთაშორისო სტანდარტებს“. ბიალიაცკი პირობით გაათავისუფლეს 2014 წლის ივნისში, თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ.

2020 წელს კიდევ უფრო გაუარესდა სამართლებრივი გარემო, გამკაცრდა მასობრივი რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ორგანიზაციების მიმართ.

სამოქალაქო ორგანიზაციების ისედაც შეზღუდული ხელმისაწვდომობა დაფინანსებაზე კიდევ უფრო შეიზღუდა 2020 წელს. მაისში ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც არეგულირებს უცხოურ გრანტებსა და შეწირულობებს; დადგენილებით კიდევ უფრო გამკაცრდა უცხოური დახმარების მიღების დასაშვები მიზნების ისედაც ვიწრო სია, ფაქტობრივად, ორგანიზაციების ფართო სპექტრს უარი ეთქვა ასეთი დახმარების კანონიერად მიღების შესაძლებლობაზე. მაგალითად, ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვას, სამეცნიერო და კვლევით პროგრამებს, ახლა ამორიცხულია ასეთი მიზნების სიიდან.

ასევე, დაწესდა საფასური, რომლის ოდენობაც დახმარებით მიღებული თანხაზეა დამოკიდებული. გააფართოვა უცხოური ფონდების „ბოროტად გამოყენების“ დეფინიცია და გაიზარდა უცხოური ფონდების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი. გარდა ამისა, MolaMola და Ulej crowdfunding პლატფორმებს მოუწიათ, შეეწყვიტათ საქმიანობა, მათი დამფუძნებლების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო. ამ ფონდების დახურვით სამოქალაქო ორგანიზაციებს გადაუკეტეს ადგილობრივი დაფინანსების ორი მნიშვნელოვანი წყარო.

მტრის ხატები და დახურული პრესტიჟული უნივერსიტეტი უნგრეთში

2017 წელს უნგრეთმა მიიღო კანონი საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, რაც ეხმაურება რუსეთის 2012 წლის კანონს „უცხოეთის აგენტებზე“. კანონი აიძულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან 25 ათას დოლარზე მეტს იღებენ, პირდაპირი და არაპირდაპირ დაფინანსების გზით, ხელახლა დარეგისტრირდნენ, როგორც „სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან“. კანონი ავალდებულებს ორგანიზაციებს ამ ნიშნის მითითებას პუბლიკაციებსა და ვებგვერდებზე.

ახალმა კანონმდებლობამ ასევე გაამკაცრა ანგარიშგების შემდგომი მოთხოვნები. პირი, რომელმაც წლის განმავლობაში, სულ მცირე, 1 775 დოლარის ოდენობით მიიღო უცხოური დაფინანსება, ვალდებულია, ამის შესახებ განაცხადოს და დონორის შესახებ დეტალური ინფორმაციას გასცეს. ორგანიზაციებს, რომლებიც არ შეასრულებენ ვალდებულებებს, შეიძლება, დაეკისროთ მძიმე ჯარიმები და, საბოლოოდ, ქვეყანაში საქმიანობის უფლებაც შეუჩერდეთ.

კანონი მიანიშნებს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება ემსახურებოდნენ „უცხოეთის ინტერესებს“ და, შესაბამისად, აუცილებელია ფულის გათეთრებისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა.

Amnesty International-ის შეფასებით, სინამდვილეში, კანონი მიზანში იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას, ლტოლვილთა, მიგრანტთა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვას და სახელმწიფოს მიერ არასაკმარისად შემოთავაზებული სოციალური და იურიდიული სერვისების მიწოდებას.

„2017 წლის კანონი გამოიყენებოდა კრიტიკული ხმების ჩასახშობად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციისა და ხალხის მათ წინააღმდეგ მიმართვისთვის“, – წერია Amnesty International-ის 2019 წლის ანგარიშში.

უნგრეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ ანტიიმიგრაციული კამპანიის ფარგლებში შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „შეაჩერე სოროსის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

ერთ-ერთი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, „რადგანაც ქრისტიანულ ევროპას მიგრაციის საფრთხე ემუქრება“, 25%-იანი სახდელი დაეკისრათ ორგანიზაციებს, რომლებიც ლტოლვილებს ეხმარებოდნენ.

ორბანი ღიად უპირისპირდებოდა უნგრული წარმომავლობის ამერიკელ ფილანთროპ ჯორჯ სოროსს და აღნიშნავდა, რომ სოროსის მიზანი მიგრაციის მეშვეობით „ეროვნული იდენტობების წაშლაა“. კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, 2018 წელს უნგრეთში დაიხურა ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად იყო მიჩნეული.