NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს - „ხალხის ძალა“

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხის ძალა“ აშშ-ის სენატში გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის „ბუნებრივ საფრთხეს ქმნის.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობა ამასთან დაკავშირებით „წინადადებებს“ უახლოეს მომავალში მოამზადებს.

„მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ“,- ნათვქამია განცახდებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ „ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „დამოუკიდებელი“ „გარედან მართულის“ სინონიმია.“

„მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს გარედან მართულ სასამართლოს, დამოუკიდებელი მედია – გარედან მართულ მედიას და ა.შ. ამ მოდელის მიხედვით, სასამართლო უნდა მართონ მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა ენჯეოებმა, ხოლო დამოუკიდებლად მხოლოდ ის მედია შეიძლება მოიხსენიებოდეს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება და სახელმწიფოში აგენტოკრატიის დამყარების ან გამყარების საქმეს ემსახურება.“

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მმართელი პარტიიდან წამოსულმა ოთხმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მოგვიანებით მოძრაობა გაფართოვდა და რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა. მოძრაობა გამოირჩევა დეზინფორმაციული, ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებებით.