„ხალხის ძალას" NGO-ების დაფინანსებაზე აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონის ანალოგის შექმნა სურს

პუბლიკა

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დავით ქართველიშვილმა „პოსტ ტვ“-ის ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ „ხალხის ძალამ“ დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივის შექმნა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო დაფინანსების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს. პარტიაში განაცხადეს, რომ NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

დავით ქართველიშვილის თქმით, ისინი კანონპროექტს აშშ-ში მოქმედი კანონის ანალოგის მიხედვით მოამზადებენ. ის ამბობს, რომ ამერიკამ 1938 წელს შექმნა კანონი, რომელსაც „უცხოური აგენტურის რეგისტრაციის აქტი“ ჰქვია და რომელსაც კანონის ძალა აქვს. ქართველიშვილის თქმით, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, განაცხადონ დაფინანსების წყაროს შესახებ, ასევე წარუდგინონ სახელმწიფოს ანგარიშები დაფინანსების განკარგვასა და პროექტების შინაარსთან დაკავშირებით.

„ხალხის ძალა დაინტერესდა, რა სისტემა არსებობს იმისთვის, რომ არ მისცეს საშუალება არასამთავრობო სექტორს, რომ კანონს გასცდეს. ამისთვის შეიქმნა 1938 წერს უცხოური აგენტურის რეგისტრაციის აქტი. რომელიც კანონის ძალის მქონეა, რომელშიც 1966 წელს შეტანილ იქნა უმნიშვნელო ცვლილებები, მაგრამ სულისკვეთება კანონის იგივეა. ეს არის აღრიცხვა იმ ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების, იმ ძალების, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, რომლებმაც ამის შესახებ უნდა განაცხადონ, დადგნენ აღრიცხვაზე, ამერიკაში ეს არის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურორი, რომლებმაც უნდა ჩააბარონ ანგარიში ყოველ ნახევარ წელიწადში ამ დაფინანსების შესახებ, სად დაიხარჯა ეს ფული, რა პროექტებს მოხმარდა და ა.შ.

ძალიან საინტერესოდ წასაკითხი კანონია, რომელიც ერთი ერთში გვჭირდება საქართველოში, იმისთვის, რომ ეს სექტორი, რომელიც აგენტოკრატიის ფლაგმანად ჩამოყალიბდა, დავაბრუნოთ საკონსტიტუციო ჩარჩოებში, რომლიდანაც დაუფარავად არიან გამოსულები. მე ახლა ვთარგმნი, მეორე ფედერალურ კანონს, რომელიც 1940 წელს იქნა მიღებული, ცნობილი პოლიტიკოსის ჯეფრი ვულხისის აქტად არის ცნობილი, ოღონდ ეს კანონი იმ პოლიტიკური ორგანიზაციების აღრიცხვაზე დაყენების აქტია, რომელთა საქმიანობაც აშშ-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე ხორციელდება უცხოეთიდან. როცა წავიკითხე, ახლა ვთარგმნი, იმდენი ისრაელის, უკრაინის და ამერიკის მოქალაქე ამოვიკითხე, რომლებიც აკონტროლებენ დღეს ერთ-ერთ პარტიას, არ ვიტყვი.

ერთი ერთშია სიტუაცია. რაც მთავარია არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონი, ვერავინ ვერ იტყვის… იქ, ერთადერთი არის ცოტა არადემოკრატიული მიდგომა, იმიტომ, რომ ეს კანონი 1940 მორგებული იყო კონკრეტულ პარტიებზე“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

„ხალხის ძალა“ მმართველი პარტიიდან წამოსულმა რამდენიმე დეპუტატმა შექმნა. პარტიის განცხადებები გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიამერიკული გზავნილებით, ასევე ხშირად ავრცელებენ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას.

LB loan image desktop LB loan image mobile