გაკეთდება დროებითი წინაღობა. მოხდება მეწყრული ადგილიდან მიწის მასების მოჭრა და გამოტანა - ბენდელიანი

პუბლიკა

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე განსახორციელებელი ღონისძიების ძირითადი დანიშნულება ის იქნება, რომ გარკვეულწილად შემცირდეს მეწყერის გადაადგილება, რომელიც მოძრაობაშია. ამის შესახებ მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის, რომ თვითონ ამ ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. თუმცა გასაგები რომ იყოს, ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ ახლა აქტიური მეწყერის გადაადგილება, რომელიც მოძრაობაშია. ვინაიდან წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილზე. შემდეგ მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა.

ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს აქ გარკვეული სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს, ე.წ. ანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ამ მცოცავი ფერდის სხვა ღონიძიებებთან ერთად მოხდეს ასევე ამ ანკერული პრინციპით“, – განაცხადა ბენდელიანმა.

18 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო.