საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური: ერთი, კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს - ექსპერტი გერმანიიდან

პუბლიკა

თბილისის მერიაში მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით,  ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება, რითაც მეწყრის მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.

ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებით, ნალექიანი ამინდების შემთხვევაში წვიმის შემთხვევაში სრულად გაჩერდება გზის სამშენებლო სამუშაოები.

„გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ნალექიანი ამინდების შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები“, – თქვა მან.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, მათ ჰქონდათ სამუშაო შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, გერმანელ ექსპერტებთან ერთად.

როგორც გერმანიიდან მოწვეულმა გეოლოგ-ინჟინერმა ბრიფინგზე განაცხადა, სიტუაცია კომპლექსურია და მისი გადაჭრის ერთი გზა არ არსებობს.

„ჩემს კოლეგასთან ერთად გუშინ ადგილზე ვიყავით გასული. ჩვენი შეხედულებით, საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს. რა თქმა უნდა, როდესაც მუშაობ ადგილზე, თავისთავად სამუშაოს გარემო არის არახელსაყრელი, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც თავისთავად ართულებს მუშაობის პროცესს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, პირველად მისაღები ზომებია – გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟებისა და სამონიტორინგო მოწყობილობების დამონტაჟება.


დღეს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული და კვლევის შედეგების მიხედვით, მოწყვეტილი მასა დღეში, დაახლოებით, 5 სმ. სიჩქარით მოძრაობს.

როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, მათ ერთმანეთს შეადარეს 19 მარტისა და 22 მარტის მოკვლევის შედეგები. მისი თქმით, 4 დღის განმავლობაში ბლოკური მეწყერი 25 სანტიმეტრითაა დაშორებული [მდებარეობას], თუმცა, ის აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ ციფრებში იყოს ცდომილება, რის სხვადასხვა მეთოდით გადამოწმებას ცდილობენ.

18 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო.