მსხილაძე: პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია, აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა

პუბლიკა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო, რომელიც მან რუსულ კანონს დაადო, მოტივირებულია და აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა, ასევე განმარტებულია, რატომ არის კანონი რუსული. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მსხილაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ „საზოგადოება შეცდომაში  შეიყვანონ, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს“.

„საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში  შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ამ კანონით ირღვევა, არის განმარტებული თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული, მოყვანილია მისი მიღების მოტივაცია, თუ რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი.

ხოლო რაც შეეხება თვითონ კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს 1 დღით, ეს არის ჩველებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია. დანარჩენი, თვითონ, მთლიანად ვეტო აისახება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook-გვერდზე“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს.