თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ნიკა მელია.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროცესის პირდაპირ ტრანსლირებაზე შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვინაიდან ნიკა მელია მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად და მოუწოდებდნენ მოსამართლეს, უზრუნველეყო გამჭვირვალობა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარემ მომდევნო შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დაშვებაზე დააყენა. ისინი მოითხოვდნენ, საქმეს დართვოდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული ირაკლი კობახიძის ინტერვიუ, საიდანაც, მათი მტკიცებით, ცნობილი ხდება, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება წინასწარ იყო დაგეგმილი. მეორე მტკიცებულებად კი მიიჩნევდნენ 21 მარტს „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის ვიდეოკადრები გაანადგურეს.
ადვოკატები მოითხოვდნენ, ირაკლი კობახიძე და ივანე გულაშვილი შეეყვანათ დასაკითხ მოწმეთა სიაში.
პროცესზე სიტყვის უფლებით ბრალდებულმა ნიკა მელიამაც ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა:
„თქვენც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ. მოტივაცია მეძლევა და მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები. ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის მასალებს, რომელთა გამოც მე აქ მომათავსეს. როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ?… თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება, რას ემსახურებით თქვენ და რას – მე.
სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემს დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა, რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ“, – თქვა მელიამ.
„ინტერპრესნიუსი“ ნიკა მელიას განცხადების ბეჭდურ ვერსიას სასამართლო დარბაზში მყოფ რეპორტიორზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაცვის მხარის შუამდგომლობების დაკმაყოფილების წინააღმდეგია ბრალდების მხარე.
მოსამართლემ ირაკლი კობახიძისა და ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.