უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ნაამბობზე

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ეთერში 21 მარტს გავიდა ინტერვიუ ივანე გულაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დავალებით, სპეცსამსახურებისთვის ხსნიდა სხვის ბინებს, სადაც აყენებდნენ სათვალთვალო მოწყობილობებს ადამიანების მაკომპრომეტირებელი მასალის მოპოვების მიზნით.

„მთავარი არხის“ ცნობით, ივანე გულაშვილი ამჟამად დაკავებულია, ინტერვიუ კი 2019 წლის 24 ნოემბერს, მის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა ჩაწერილი.

ინფორმაციის დაზუსტების და გადამოწმების მიზნით, ასევე შეკითხვით – დაიწყება თუ არა გამოძიება მის მონათხრობზე – „პუბლიკა“ დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების პრესსამსახურებს, თუმცა, ინფორმაცია არცერთი უწყებისგან ამ დრომდე [18:00] არ მიგვიღია.

„პუბლიკა“ ასევე ცდილობს ივანე გულაშვილის ადვოკატთან, დავით ხარაზთან დაკავშირებას, იმის გასარკვევად, რა ბრალდება აქვს წარდგენილი მისი დაცვის ქვეშ მყოფს და უკავშირდება თუ არა საქმე „მთავარ არხთან“ ინტერვიუს. ხარაზი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კი ის ამბობს, რომ ის ციხეში სხვა საქმის გამო ზის და ეს არ უკავშირდება აღნიშნულ ინტერვიუს. მისი თქმით, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 24 ნოემბრის შემდგომ პერიოდში ჩადენილისთვის დააკავეს.


გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას თქმით, ივანე გულაშვილმა ინტერვიუ მისცა „მთავარ არხს“ და აჩვენა ის ფარული მასალა, რომელიც 2021 წლის 20 მარტს „TV პირველის“ ეთერში გავიდა. წამყვანის თქმით, გულაშვილი მიხვდა, რომ „ამ დანაშაულებრივ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა, იმიტომ, რომ აღარ უნდოდა და აღარ შეეძლო“ და ამის შემდეგ გადაწყვიტა ინტერვიუს მიცემა.

ტელეკომპანიის ცნობით, გულაშვილს ჰქონდა გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ გადასცემდა მასალას, რადგან მას ეშინოდა, რომ თუ სუს-ი გაიგებდა მედიასთან კონტაქტის შესახებ, მას მოკლავდნენ. წამყვანის თქმით, ამის შემდეგ გულაშვილი აღარ გამოჩენილა და ვერც მიაკვლიეს. „მთავარი არხი“ ამბობს, რომ გულაშვილს საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ, ამიტომ მაშინ (2019 წელს) ინტერვიუ აღარ გაუშვეს.

გაბუნიას ცნობით, მედიასთან კონტაქტის შემდეგ გულაშვილი მალევე, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ბრალდებით დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს, საპროცესო შეთანხმებით კი სასჯელი 2 წლამდე შეუმცირეს.

გაბუნიას თქმით, მათ ამ ინტერვიუს გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „TV პირველზე“ გავიდა სიუჟეტი სუს-იდან ფარული ჩანაწერების გაჟონვის შესახებ, რა დროსაც ივანე გულაშვილის სახელიც ახსენეს.


„ბევრი ჩანაწერი მაქვს, რის გამოც, შეიძლება, მომკლან“ – ამ ფრაზით იწყებს ივანე გულაშვილი ინტერვიუს. „მთავარ არხთან“ ის ამბობს, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ იცის – კონკრეტულად სად. ოფიციალურად გაფორმებულია ექსპერტ-კრიმინალისტად, თუმცა ის ეხმარება მე-7 განყოფილებას, რომელიც ფარულ ჩანაწერებზე მუშაობს. მისი თქმით, მხოლოდ მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის უშუალო დაქვემდებარებაშია, მანამდე კი მისი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის ამჟამინდელი უფროსი, ნიკოლოზ შარაძე იყო.

გულაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ შარაძის დავალებით სწავლობდა „ატმეჩკებს“, ანუ, მისივე განმარტებით, ნებისმიერ სახლში „სუფთად შეღწევას და გამოსვლას“.

ის ჰყვება, რომ მისი დახმარებით ბინებში ფარულად შედიოდნენ და სათვალთვალო მოწყობილობას აყენებდნენ, თუმცა მან წინასწარ არ იცოდა, ვის სახლში შედიოდა. ის ამბობს, რომ 2014 წელს დიღომში ანა დოლიძის საცხოვრებელი ამოიცნო.

„სურათები დავინახე, ერთადერთი ვისიც ეწყო, ანა დოლიძე იყო“, – ამბობს ის და აღწერს ბინას და აცხადებს, რომ ბინაში  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაიღეს.

„ქვემოთ იდგა მანქანა, რომელმაც თქვა, რომ გადავიღეთ, ყველაფერი ჩანს და ა.შ. მე არ მინახია, მაგრამ ვიცი, რაც საჭირო იყო, ის დავალება გაკეთდა“, – ამბობს გულაშვილი.

იმას, რომ გულაშვილი მის ბინას აღწერს, ადასტურებს ანა დოლიძე. მისი თქმით, ერთადერთხელ მიიღო შეტყობინება, რომ იყო ჩაწერილი კორუფციული გარიგების მოლაპარაკების დროს, სხვა დროს ის არავის დაუშანტაჟებია.

ივანე გულაშვილის თქმით, მან სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის, ვაგიფ ასკეროვის, კომპიუტერში ვირუსი შეიყვანა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ის ხაზს უსვამს, რომ ეს დავალებები მასთან მხოლოდ ნიკოლოზ შარაძისგან მოდიოდა.

„მთავარი არხის“ სიუჟეტში ვაგიფ ასკეროვი იხსენებს, რომ მას სუს-ში უთხრეს, რომ უნდა გადამდგარიყო და დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მისი თქმით, მისი წამოსვლიდან რამდენიმე დღეში მეჩეთი გაქურდეს და მისი ლეპტოპი მოიპარეს.

გულაშვილის თქმით, მიიღეს ბრძანება, GPS დაემაგრებინათ მანქანაზე, რომელიც გიორგი რურუასი აღმოჩნდა. გულაშვილი იხსენებს, რომ რურუას აქციებზე უთვალთვალებდნენ.

„აქციების დროს ჩემი დავალებაა, კონტროლზე ავიყვანო დრონით და სათვალთვალო კამერით, რომელიც პარლამენტის თავზეა, კონკრეტული პირები, ოღონდ ვისზეც მეტყვიან, ისინი. ონლაინში გადავცემთ ამ ყველაფერს, მაღალი ხალხი უყურებს, სტრუქტურა. შეიძლება, პოლიტიკოსებიც ესწრებიან, მე არ ვესწრები ამ ყველაფერს, მესმის ხმები; ვიცი, ვინ სხედან და მე ვინც მაძლევს [ბრძანებას] იქ შეატრიალე და აქ მოატრიალე კამერა“, – ამბობს ის. მისი თქმით, იქ არიან ხოლმე კახა საბანაძე, ვახტანგ გომელაური და როგორც იცის, ესწრება გიორგი გახარიაც.

გულაშვილმა გაიხსენა, რომ 2019 წლის 20 ივნისს კახა საბანაძისგან მიიღო ბრძანება, ამოეღო პარლამენტის კამერების ჩანაწერები („7 ვინჩესტერი პარლამენტის სარდაფიდან, სადაც იწერდა სერვერი“), ოღონდ არ იცის –  რატომ. მისი თქმით, ეს კადრები „დამტვრეულია და გადაყრილია სადღაც“. გულაშვილი ამბობს, რომ ამ კადრებს პროკურატურა იწერდა კომპიუტერში, მათი მისვლის შემდეგ კი ბრძანება მიიღეს, რომ გაეჩერებინათ [ჩაწერა].

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვინ გასცა ბრძანება? – გულაშვილი ამბობს, რომ გახარიას და საბანაძის გარდა, სხვა ბრძანებას ვერავინ გასცემდა.

გულაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილები“ სპეცრაზმს ჰქონდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აქციაზე მთავარი მონიტორი ვერ გათიშეს, კახა საბანაძემ დაუძახა ოთახში, სადაც მინისტრის სხვა მოადგილეებიც ისხდნენ და იქ გაიგო, როგორ უბრძანა პეცრაზმელს კახა საბანაძემ, ამოეღო შპრიცით „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელიც გულაშვილს გენერატორისთვის უნდა შეესხა.

გულაშვილის თქმით, საბანაძე აფეთქების საფრთხეზე გააფრთხილა, თუმცა მან ბრძანება ძალაში დატოვა. გულუაშვილის თქმით, მან ეს ბრძანება არ შეასრულა, სანაცვლოდ მონიტორის კაბელი გადაჭრა და ცოტა ხნით აქციაზე ეკრანი გათიშა. მან „მთავარ არხს“, მისი თქმით, საბანაძის ხმოვანი შეტყობინებებიც მოასმენინა.