გახარია: დიდი განსხვავებაა 20 ივნისსა და მარტის აქციებს შორის, 20 ივნისს ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საუბრობს 7-8 მარტის აქციებსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე.

გახარია აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ პროპაგანდას ატარებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღესდღეობით საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელიც ოფიციალური პასუხისმგებლობის გარეშე, ჩრდილიდან მართავს ქვეყანას „მისი თოჯინების“ მეშვეობით და რუსული კანონის შემოტანის მცდელობა და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა ივანიშვილის ინსტრუქციის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ივანიშვილს კრემლთან კავშირები, გახარია ამბობს, რომ ის ამ მომენტში კრემლის ინტერესებს ატარებს და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, რა არის ამის მოტივაცია, გახარიას თქმით, უმნიშვნელოა.

DW-ის ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, რით განსხვავდებოდა 2019 წლის 20 ივნისს მისი, როგორც შს მინისტრის ქცევა დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომელმაც 7-8 მარტს აქცია დაარბია.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ 20 ივნისს პოლიცია გაცილებით უფრო ძალადობრივი იყო და რამდენიმე მომიტინგემ თვალიც დაკარგა.

„უზარმაზარი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. როცა 2019 წლის 20 ივნისზე ვლაპარაკობთ, მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო ძალადობა, ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას და სხვათაშორის პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი.

მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შედარდება ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები.

მნიშვნელოვანია, რომ როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციის და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში“, – განაცხადა გახარიამ.


2019 წლის 20 ივნისის დილიდან საზოგადოების  პროტესტი მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის სიმბოლურ აქტს. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლისთვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნის დათმობით გამოწვეულმა პროტესტი დღის ბოლოს პარლამენტთან მრავალრიცხოვან აქციაში გადაიზარდა.

აქციის მიმდინარეობისას, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პარლამენტის დაკავებაზე საუბარმა სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში ძალით შესვლა სცადა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაპირისპირების დროს პოლიციის ქმედებები გასცდა კანონის ფარგლებს.

საქართველოს კანონმდებლობის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის გასაგები ფორმით არ გაკეთებულა გაფრთხილება აქციის შეწყვეტის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენების შესახებ.

უფლებადამცველების შეფასებით, პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები, ისევე როგორც მათი ინტენსივობა, ფორმა და მიზანი. რეზინის ტყვიებს იყენებდნენ სახეში და თავში დამიზნებით მცირე დისტანციიდან, რის შედეგადაც დემონსტრანტები დასახიჩრდნენ, ზოგიერთმა თვალიც დაკარგა.

დაზარალებულებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც.

„გავრილოვის ღამეს“ სამასამდე ადამიანი დაშავდა, ასამდე კი დააკავეს.