გახარია საქართველოსთვის: ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას აქვეყნებს, რომ, „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო“ და ხელისუფლებას მოუწოდებს აღადგინოს აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭიროს ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას.

„უკვე ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“ და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება. რუსეთის მიერ წარმართული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამის დადასტურებაა კერძოდ – რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში წარგზავნა რუსი საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი, რომელიც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს, ამჟამად კი – მედიის ცნობით, იგეგმება მისი დანიშვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის „პრემიერ-მინისტრად“.  

როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული ე.წ. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას სათანადო საკანონმდებლო რეაგირებისა და საერთაშორისო პარტნიორების მობილიზების უზრუნველყოფისკენ, ანექსიის ამ ტალღის წინააღმდეგ, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უღონია. მმართველმა პარტიამ ჩვენ მიერ პარლამენტში ინიციირებულ ანექსიის დამგმობ რეზოლუციასაც კი არ დაუჭირა მხარი, ხოლო ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას „პოლიტიკური მატრაკვეცობა“ უწოდა.

„ოცნების“ სრული უმოქმედობის ფონზე, რუსეთი უკვე საკუთარ საჯარო მოხელეს ნიშნავს ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებას ნიშნავს.

„ოცნება,“ რომელმაც მიზანმიმართულად მოახდინა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან წლობით ნაშენები თანამშრომლობის საბოტაჟი და ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოქცია, ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება.

მოვუწოდებთ „ოცნებას“, აღასრულოს კონსტიტუციური ვალდებულები – მისცეს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებულ ანექსიურ პროცესებს და უზრუნველყოს   ანექსიის საწინაამდეგოდ საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება.

„ოცნების“ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებზე და განმარტოს, გეგმავს თუ არა იქ განთავსებული ქართული საგუშაგოს გაუქმებას. 

კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას: შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პროცესში დუმილი და უმოქმედობა ოკუპანტი სახელმწიფოს ხელშეწყობას ნიშნავს, რაზეც პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!“ – ნათქვამია განცხადებაში.